მე მტკიცედ ვარ დარწმუნებული, რომ ჩვენი საქმე სამართლიანია, ჩვენ ერთად ვართ, გამარჯვება ყოველთვის იყო და ყოველთვის ჩვენი იქნება, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა მოსკოვში, წითელ მოედანზე, 9 მაისისადმი მიძღვნილ საზეიმო აღლუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, საბჭოთა კავშირის ხალხების გმირულმა საქმეებმა აჩვენა, რომ სამშობლოსადმი ერთგულებას მილიონობით ადამიანის გაერთიანება შეუძლია.
„ჩვენი ხალხი მტრის გზაზე კედელივით იდგა და აჩვენა, რომ სამშობლოსადმი ერთგულება უმაღლესი სიმართლეა, რომელსაც მილიონობით ადამიანის გაერთიანება შეუძლია“, – განაცხადა რუსეთის ლიდერმა.
ამასთან, როგორც ვლადიმერ პუტინმა აღნიშნა, რუსეთს მთელი დასავლეთი უპირისპირდება. მას არ უხსენებია უკრაინა.
„გამარჯვებული თაობის დიდი გმირობა შთააგონებს მებრძოლებს, რომლებიც დღეს სპეციალური სამხედრო ოპერაციის ამოცანებს ასრულებენ. ისინი უპირისპირდებიან აგრესიულ ძალას, რომელიც შეიარაღებულია და მხარდაჭერილია ნატო-ს მთელი ბლოკის მიერ“, – აღნიშნა პუტინმა.
წითელ მოედანზე საზეიმო აღლუმი დღეს უსაფრთხოების გაძლიერებული ზომების ფონზე მიმდინარეობს.

