აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის ზავი, შესაძლოა, გახანგრძლივდეს.
ჟურნალისტებმა ტრამპს ჰკითხეს, შესაძლებელია თუ არა, რომ მის მიერ გამოცხადებული სამდღიანი ზავი უკრაინასა და რუსეთს შორის უფრო ხანგრძლივი აღმოჩნდეს, რაზეც მან დადებითი პასუხი გასცა.
„შესაძლებელია. კარგი იქნებოდა. მინდა, რომ ეს შეჩერდეს. რუსეთსა და უკრაინას შორის ომი ადამიანური დანაკარგების თვალსაზრისით ყველაზე საშინელი მოვლენაა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. ყოველ თვეში 25 000 ახალგაზრდა ჯარისკაცი იღუპება. ეს სიგიჟეა. ამიტომ, სრულიად შესაძლებელია“, – თქვა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ცნობისთვის ტრამპმა 8 მაისს უკრაინასა და რუსეთს შორის ომში სამდღიანი ზავი გამოაცხადა. შეთანხმება მხარეებს შორის 1 000 ტყვის გაცვლასაც ითვალისწინებს. „სიამოვნებით გაცნობებთ, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის ომში გამოცხადდება ცეცხლის სამდღიანი შეწყვეტა, მოთხოვნა უშუალოდ ჩემი მხრიდან იქნა დაყენებული, დიდად ვაფასებ, რომ მას დაეთანხმნენ“, – განაცხადა ტრამპმა.
ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა 9 მაისთან დაკავშირებით განკარგულება გამოსცა, რომელშიც ნათქვამია, რომ „აღლუმის დროს მოსკოვის წითელი მოედნის ტერიტორიული კვადრატი გამოირიცხოს უკრაინული შეიარაღების გამოყენების გეგმიდან“.
ცეცხლის სამდღიანი შეწყვეტის შესახებ შეთანხმება დაადასტურეს მოსკოვშიც.

