ალბანეთის დედაქალაქში კორუფციის საწინააღმდეგო აქცია პოლიციასთან შეტაკებით დასრულდა.
როგორც ალბანური მედია წერს, ტირანაში პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა ოპოზიციის მხარდამჭერების დასაშლელად, რომლებიც შინაგან საქმეთა სამინისტროსკენ მსვლელობისას „მოლოტოვის კოქტეილებს“ ისროდნენ.
აქციის ორგანიზატორი იყო ოპოზიციური ალბანეთის დემოკრატიული პარტია, რომელიც პრემიერ-მინისტრ ედი რამას გადადგომას მოითხოვს და მას კორუფციაში ადანაშაულებს.
თავდაპირველად დემონსტრანტებმა აქცია პრემიერ-მინისტრის ოფისთან გამართეს, შემდეგ კი შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობისკენ დაიძრნენ, სადაც მათ გზა პოლიციამ და წყლის ჭავლის მანქანებმა გადაუკეტეს.
„ამ მთავრობამ დანაშაული ხელისუფლების ნაწილად აქცია“, – განაცხადა ოპოზიციის ერთ-ერთმა მხარდამჭერმა.
პოლიტიკური დაძაბულობა ალბანეთში დეკემბრიდან გამწვავდა, მას შემდეგ, რაც სპეციალურმა პროკურატურამ ედი რამას მოადგილეს ბრალი წაუყენა. გამოძიების ინფორმაციით, იგი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების სახელმწიფო შესყიდვებში ჩარევასა და გარკვეული კომპანიების სასარგებლოდ მოქმედებაშია ბრალდებული. ამის შემდეგ ბელინდა ბალუკუმ თანამდებობა დატოვა, თუმცა პარლამენტმა, სადაც მმართველ პარტიას უმრავლესობა ჰყავს, უარი თქვა მისთვის სამართლებრივი დაცვის მოხსნაზე, რათა პროკურატურას ვიცე-პრემიერის დაკავების შესაძლებლობა ჰქონოდა.
ცნობისთვის, ალბანეთი ცდილობს, 2030 წლისთვის ევროკავშირის წევრი გახდეს, თუმცა ბრიუსელი ხაზს უსვამს, რომ ქვეყანამ კორუფციისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა უნდა გააძლიეროს.

