“აქცია “უკვდავი პოლკი“ მოსკოვში 9 მაისს ონლაინ ფორმატში ჩატარდება, მსვლელობა არ იქნება” – ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
პესკოვის თქმით, პირისპირი ფორმატით მსვლელობა ჩატარდება „რიგ სხვა ქვეყნებში, სადაც კვლავინდებურად იჩენენ დიდ ინტერესს „უკვდავი პოლკის“ მიმართ“. Медуза წერს, რომ სანქტ-პეტერბურგში „უკვდავი პოლკის“ საიტზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, მსვლელობის ჩატარება კვლავ იგეგმება. კოლონის მოძრაობის დაწყება დაგეგმილია აღლუმის შემდეგ – 12:30 საათზე.
Медуза-ს ცნობით, სამხედრო აღლუმისა და მსვლელობების ფორმატი 2026 წლის 9 მაისისთვის სხვადასხვა ქალაქებში განხილვისა და ცვლილების პროცესშია. მაგალითად, მოსკოვში, წითელ მოედანზე აღლუმი 2007 წლის შემდეგ პირველად ჩატარდება სამხედრო ტექნიკის გარეშე. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ეს გადაწყვეტილება „მიმდინარე ვითარებით“ ახსნა. რუსეთის რიგ ქალაქებში, ისევე როგორც ანექსირებულ ყირიმში, უარი თქვეს როგორც აღლუმზე, ისე „უკვდავი პოლკის“ მსვლელობაზე. რუსული მედიის ცნობით, მოსკოვში 5-დან 9 მაისამდე მობილური ინტერნეტისა და მოკლე ტექსტური შეტყობინებების გაგზავნა შეიზღუდება.

