მაკა ბოჭორიშვილმა შეხვედრა გამართა კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის ახლად დანიშნულ სპეციალურ წარმომადგენელთან, ელჩ კევინ ჰამილტონთან.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ნატო-საქართველოს ურთიერთობების დღის წესრიგი.
„საუბარი შეეხო ალიანსთან პოლიტიკური დიალოგის და პრაქტიკული თანამშრომლობის მნიშვნელობას. ხაზი გაესვა, ნატო-ს მხარდაჭერას ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების მიმართულებით.
ყურადღება გამახვილდა რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოზე, გლობალურ გამოწვევებზე და საქართველოსთვის მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობაზე. საუბარი ასევე შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობას.
კევინ ჰამილტონმა მადლობა გადაუხადა ქართულ მხარეს საერთო ევროატლანტიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში შეტანილი წვლილისთვის და გამოხატა ალიანსის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი.
ვიზიტის ფარგლებში კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი შეხვედრას გამართავს საქართველოს ვიცე-პრემიერთან, თავდაცვის მინისტრთან, ირაკლი ჩიქოვანთან, მოინახულებს საოკუპაციო ხაზს სოფელ ოძისში და ეწვევა ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრს (JTEC)“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

