მალტის პარლამენტის თავმჯდომარის ანჟელო ფარუჯას განცხადებით, შალვა პაპუაშვილთან შეხვედრაზე განიხილეს მსოფლიოში არსებული ვითარება და გამოწვევები, ასევე, რამდენად ეფექტური არიან საერთაშორისო ორგანიზაციები ამ პრობლემებთან გამკლავებაში.
მისივე თქმით, საუბარი შეეხო საქართველო-მალტას შორის ურთიერთობებს.
მალტის პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებით, შეხვედრაზე რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებით, გამოთქვა მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი.
„ძალიან კარგი შეხვედრა გვქონდა. ძირითადად მიეძღვნა მსოფლიო წესრიგს. როგორც იცით, ახლა მსოფლიოში არც ისე სასიამოვნო ვითარებაა. გვაქვს პრობლემები ახლო აღმოსავლეთში, უკრაინა-რუსეთის ომი, რეგიონული პრობლემები, ასევე, პრობლემები სხვა სფეროებში. განვიხილეთ, რამდენად ეფექტური არიან საერთაშორისო ორგანიზაციები ამ პრობლემებთან გამკლავებაში. ყველა ვთანხმდებით, მნიშვნელოვანია ხმელთაშუა ზღვის საპარლამენტო ასამბლეის მსგავსი რეგიონული კონფერენცია, სადაც ჩვენ ყურადღებას ვამახვილებთ რეგიონულ საკითხებზე და საქართველო ნამდვილად იქნება ამ ორგანიზაციის წევრი. სწორედ ამიტომ ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს, გახდეს ამ მნიშვნელოვანი ორგანიზაციის წევრი. შეხვედრაზე ვისაუბრეთ საქართველო-მალტას შორის ურთიერთობაზე, რომელიც 1992 წლიდან იწყება. ჩვენ ყოველთვის ვგულშემატკივრობთ საქართველოს. ბედნიერი ვარ, რომ ჩვენი შეხვედრა პოზიტიური იყო. ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე ჩვენც გავიარეთ ბევრი რამ, საკმაოდ ცხარე დისკუსიები. საქართველოზე რაც შემიძლია, ვთქვა, ვიმედოვნებთ, საქართველოსთვის პროცესები კარგად წარიმართება. ვფიქრობ, ევროკავშირში გაწევრიანების საკითხი ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს. მაგალითად, როცა ჩვენ ვწყვეტდით, უნდა შევერთებოდით თუ არა ევროკავშირს, რეფერენდუმი ჩავატარეთ და განსხვავება მხოლოდ ერთი პროცენტი იყო. ეს არის საკითხი, რომელსაც ხალხი წყვეტს“, – აღნიშნა მალტის პარლამენტის თავმჯდომარემ.

