უნგრეთმა უკრაინას „ოსჩადბანკის“ ჩამორთმეული თანხები დაუბრუნა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია უკრაინა-უნგრეთის ურთიერთობებში.
„მნიშვნელოვანი ნაბიჯი უნგრეთთან ურთიერთობებში: დღეს უნგრეთის უსაფრთხოების სამსახურების მიერ მიმდინარე წლის მარტში ჩამორთმეული „ოსჩადბანკის“ თანხები და ძვირფასეულობა დააბრუნეს. მაშინ უნგრეთის მხარემ უკანონოდ დააკავა უკრაინელი ინკასატორები. ჩვენი ხალხი სწრაფად დავაბრუნეთ და ახლა როგორც თანხები, ასევე ძვირფასი ნივთები სრულად უკრაინის ტერიტორიაზეა“, – წერს ზელენსკი.
ზელენსკის თქმით, მადლობას უხდის უნგრეთს კონსტრუქციული ნაბიჯისთვის, ასევე, უკრაინულ გუნდს, რომელიც იცავდა უკრაინისა და უკრაინელი ხალხის ინტერესებს.
ცნობისთვის, უკრაინამ უნგრეთს ბრალი დასდო ბუდაპეშტში უკრაინული სახელმწიფო ბანკის შვიდი თანამშრომლის გატაცებაში, რომელთაც ფული და ოქრო გადაჰქონდათ. „ოსჩადბანკის“ ინფორმაციით, მათი ბანკის კუთვნილ საინკასაციო მანქანებში მყოფი შვიდი პირი ბუდაპეშტში 5 მარტს დააკავეს. მათივე ცნობით, დაკავებულებს გადაჰქონდათ ვალუტა და ოქრო. უკრაინული მხარის განცხადებით, ეს ხორციელდებოდა უკრაინულ სახელმწიფო ბანკსა და ავსტრიულ ბანკს შორის შეთანხმებით. გავრცელებული ცნობით, ავტომანქანაში იყო 40 მილიონი დოლარი, 35 მილიონი ევრო და ცხრა კილოგრამი ოქრო.
უნგრეთის ეროვნულ საგადასახადო და საბაჟო სამსახურში აცხადებდნენ, რომ ბუდაპეშტში ინკასაციის მანქანების და უკრაინული სახელმწიფო ბანკის თანამშრომელთა დაკავება ფულის სავარაუდო გათეთრებას უკავშირდებოდა.

