აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“აშშ და ირანი ომის დასასრულებლად 14-პუნქტიანი მემორანდუმის გაფორმებასთან ახლოს არიან” – აქსიოსი

აშშ და ირანი ომის დასასრულებლად 14-პუნქტიანი მემორანდუმის გაფორმებასთან ახლოს არიან. ამის შესახებ „აქსიოსი“ წერს.

გამოცემა ორ ამერიკელ მაღალჩინოსანსა და კიდევ ორ სხვა წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ მიმდინარეობს ერთგვერდიანი ჩამონათვალის შეთანხმება ტრამპის წარმომადგენლებს, სტივ უიტკოფს, ჯარედ კუშნერსა და ირანელ მაღალჩინოსნებს შორის როგორც პირდაპირი, ისე არაპირდაპირი მედიაციის ფორმით.

როგორც „აქსიოსი“ წერს, ურთიერთგაგების მემორანდუმი ითვალისწინებს რეგიონში ომის დასრულებას და 30-დღიანი მოლაპარაკებების პერიოდის გამოცხადებას, რომლის განმავლობაშიც დეტალურად უნდა მოხდეს შეთანხმება ჰორმუზის სრუტის გახსნაზე, ირანის ბირთვული პროგრამის შეზღუდვასა და ამერიკული სანქციების მოხსნაზე.

მოლაპარაკებები უკვე შესაძლოა, ისლამაბადში ან ჟენევაში შედგეს.

ვაშინგტონი უახლოეს 48 საათში ელოდება თეირანისგან პასუხს რამდენიმე საკვანძო პუნქტზე. როგორც პაკისტანური მხარე იუწყება, ომის დაწყების შემდეგ მხარეები შეთანხმებასთან ასე ახლოს არასდროს ყოფილან.

„აქსიოსის“ ცნობით, პუნქტები შეიცავს დებულებებს ირანის მიერ ურანის გამდიდრებაზე მორატორიუმის გამოცხადების შესახებ, აშშ-ის მიერ ირანისთვის დაწესებული სანქციების მოხსნასა და მილიარდობით დოლარის ღირებულების აქტივებზე ყადაღის მოხსნას, ჰორმუზის სრუტეში თავისუფალი ტრანზიტის აღსადგენად, ორივე მხარის მიერ ბლოკადების მოხსნას, რაც 30-დღიანი პერიოდის განმავლობაში, ეტაპობრივად მოხდება.

წყაროების ცნობით, ამჟამად აქტიურად მიმდინარეობს მოლაპარაკებები ირანის მიერ ურანის გამდიდრებაზე მორატორიუმის ხანგრძლივობასთან დაკავშირებით. ზოგიერთი წყარო 12, სხვა კი, 15 წელზე საუბრობს. მათივე ცნობით, ირანი ხუთს, ხოლო აშშ 20 წელს ითხოვდა.

ამასთან, აშშ-ს სურს, შეთანხმებაში გაიწეროს დებულება, რომლის მიხედვითაც, ირანის მიერ ურანის გამდიდრების პირობის ნებისმიერი დარღვევის შემთხვევა გაახანგრძლივებს მორატორიუმის ვადას. მორატორიუმის ვადის ამოწურვის შემდეგ კი, ირანს უფლება ექნება, გაამდიდროს ურანი 3.67%-ზე ნაკლებ დონეზე. ასევე, გაიწერება, რომ ირანი არასდროს შეეცდება ბირთვული იარაღის მოპოვებას. წყაროების ინფორმაციით, ირანი აგრეთვე აიღებს ვალდებულებას, რომ საქმიანობას არ გააგრძელებს მიწისქვეშა ბირთვულ ობიექტებზე. გააძლიერებს ინსპექტირების რეჟიმს, მათ შორის დაუგეგმავ შემოწმებებს გაერო-ს ინსპექტორების მხრიდან.

ორი წყარო ასევე ირწმუნება, რომ ირანი დათანხმდება, ქვეყნიდან გაიტანოს გამდიდრებული ურანი, რაზეც ამ დრომდე უარს ამბობდა და რასაც აშშ დაჟინებით მოითხოვდა. ერთ-ერთი წყარო იმასაც აღნიშნავს, რომ განიხილება გამდიდრებული ურანის აშშ-ში გადატანაც.

სააგენტო „როიტერი“ პაკისტანის წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ გამოცემა „აქსიოსის“ მიერ ნახსენები 14-პუნქტიანი მემორანდუმი სიზუსტითაა გადმოცემული.

იტვირთბა....