აშშ-ის ომის მდივანი პიტ ჰეგსეტი აცხადებს, რომ ირანი შერცხვენილია, თეირანი ჰორმუზის სრუტის კონტროლს ვერ ახერხებს.
მისივე თქმით, აშშ-ის ძალებს არ დასჭირდებათ ირანის წყლებში ან საჰაერო სივრცეში შესვლა, რადგან აშშ ბრძოლას არ ეძებს.
„თუმცა, ირანს ასევე არ უნდა მიეცეს უფლება, უდანაშაულო ქვეყნები და მათი ტვირთები საერთაშორისო მარშრუტებზე დაბლოკოს“, – განაცხადა ჰეგსეტმა.
ამასთან, ჰეგსეტმა დაადასტურა, რომ ორმა ამერიკულმა კომერციულმა გემმა ჰორმუზის სრუტე გაიარა და რიგში კიდევ ასობით სხვა გემია. მისივე თქმით, აშშ-მა ჰორმუზის სრუტეზე „ძლიერი წითელი, თეთრი და ლურჯი გუმბათი“ დაამონტაჟა.
„ამერიკული გემები პოზიციებზე იმყოფებიან ასობით გამანადგურებლის, ვერტმფრენის, დრონის და სათვალთვალო თვითმფრინავის მხარდაჭერით მშვიდობიანი კომერციული გემების 24/7 მონიტორინგის უზრუნველსაყოფად“, – განაცხადა პიტ ჰეგსეტმა.
ამასთან, ჰეგსეტმა თეირანს მოუწოდა, სრუტის გავლის უფლება მისცენ იმ ქვეყნების გემებს, რომლებიც კონფლიქტში ჩართული არ არიან.
„მიეცით საშუალება უდანაშაულო გემებს სრუტე თავისუფლად გაიარონ. საერთაშორისო წყლები ყველას ეკუთვნის, არა მხოლოდ ირანს, რომ მასზე გადასახადები ან კონტროლი დააწესოს“, – განაცხადა პიტ ჰეგსეტმა.
ამასთან, კითხვაზე, დანებდა თუ არა დონალდ ტრამპი, ჰეგსეტმა აშშ-ის პრეზიდენტის განცხადება გაიხსენა და თქვა, რომ მას „კოზირი აქვს“.
„პრეზიდენტი არაფერში დანებებულა, მას კოზირი აქვს, ჩვენ ვინარჩუნებთ უპირატესობას და პროექტი„თავისუფლება“ ამ პოზიციას მხოლოდ აძლიერებს“, – თქვა პიტ ჰეგსეტმა.

