უკრაინული დრონების მიერ რუსეთის ტერიტორიაზე განხორციელებული მრავალრიცხოვანი დარტყმების ფონზე, რუსეთში საჰაერო-კოსმოსური ძალების მეთაური შეცვალეს.
რუსული მედიის ინფორმაციით, გენერალ ვიქტორ აფზალოვის ნაცვლად, რომელიც რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალებს 2023 წლიდან ხელმძღვანელობდა, ამ პოსტზე გენერალ-პოლკოვნიკი ალექსანდრ ჩაიკო დაინიშნა.
ჩაიკო მანამდე აღმოსავლეთის სამხედრო ოლქს მეთაურობდა, ხოლო 2010-იანი წლების ბოლოს სირიაში რუსულ ჯარებს ედგა სათავეში.
ევროკავშირს ჩაიკოს წინააღმდეგ სანქციები აქვს დაწესებული. მას უკრაინულ ქალაქ ბუჩაში მშვიდობიანი მოსახლეობის მასობრივ მკვლელობებზე ერთ-ერთ პასუხისმგებელ პირად მიიჩნევენ.
რუსეთში მას „გმირის“ წოდება აქვს მინიჭებული.
რუსული მედიის ცნობით, რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების შემადგენლობაში შედის საჰაერო თავდაცვისა და სარაკეტო თავდაცვის ჯარებიც. ბოლო თვეებში რუსულმა ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვამ ვერ შეძლო რუსეთის ნავთობობიექტებზე განხორციელებული მრავალრიცხოვანი თავდასხმების მოგერიება.
2026 წლის მარტის ბოლოს ბალტიის ზღვაში მდებარე რუსეთის უმსხვილესი ნავთობპორტები დრონების დარტყმის ქვეშ მოექცა, რამაც ექსპორტის შეჩერება გამოიწვია.
აპრილში რუსეთის ტერიტორიაზე ნავთობობიექტებზე 20-ზე მეტი შეტევა განხორციელდა: დარტყმის ქვეშ მოხვდა სულ მცირე ცხრა ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, რომელთაგან ხუთმა მუშაობა შეაჩერა. შედეგად, ქვეყანაში ნავთობის გადამუშავება 2009 წლის შემდეგ მინიმუმამდე შემცირდა. ასევე, უპილოტო საფრენი აპარატების თავდასხმის საფრთხის ფონზე, მოსკოვში გამარჯვების აღლუმი სამხედრო ტექნიკის გარეშე გაიმართება.

