ევროპაში მიაჩნიათ, რომ მომდევნო ორი წელიწადი შესაძლოა, რუსეთისთვის იდეალური შესაძლებლობა იყოს, ნატო-ს სიმტკიცე გამოსცადოს. ამის შესახებ ნათქვამია „პოლიტიკოს“ მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში, რომლის ავტორებიც ევროკავშირის სამ პოლიტიკოსს ესაუბრნენ.
მათი თქმით, თავდაცვის უწყებების წარმომადგენლები და კანონმდებლები შიშობენ, რომ კრემლი უახლოეს ერთ-ორ წელიწადს, ვიდრე დონალდ ტრამპი ჯერ კიდევ თეთრ სახლშია, ხოლო ევროკავშირს საკუთარი სამხედრო პოტენციალი ბოლომდე არ გაუძლიერებია, ნატო-ს მედეგობის შესამოწმებლად ხელსაყრელ პერიოდად მიიჩნევს.
„რაღაც შეიძლება ძალიან მალე მოხდეს. რუსეთს შესაძლებლობის ფანჯარა გაუჩნდა“, – განაცხადა ფინელმა დეპუტატმა მემარჯვენე-ცენტრისტული პარტიიდან და ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრმა, მიკა აალტოლამ.
მისივე თქმით, „აშშ ევროპიდან მიდის, ტრანსატლანტიკური ურთიერთობები ნანგრევებშია, ხოლო ევროკავშირი ჯერ სრულად არ არის მზად, დამოუკიდებლად აიღოს პასუხისმგებლობა საკუთარ უსაფრთხოებაზე“.
ამასთან, როგორც ნატო-ს ერთ-ერთმა გავლენიანმა დიპლომატმა და ევროპის თავდაცვის უწყებების სამმა წარმომადგენელმა ანონიმურობის დაცვის პირობით განაცხადეს, „მიუხედავად იმისა, რომ თავდაცვის სფეროს წარმომადგენლები და პოლიტიკოსები არ გამორიცხავენ, პუტინმა შესაძლოა, ნატო-ს წევრი ქვეყნის წინააღმდეგ სახმელეთო ოპერაცია დაიწყოს, ისინი ამას ნაკლებად სავარაუდოდ მიიჩნევენ, რადგან რუსეთი უკრაინასთან ომით მნიშვნელოვნად არის გამოფიტული“.
მათი შეფასებით, სავარაუდოა, რომ კრემლი უფრო მიზანმიმართულ ან შეზღუდულ ქმედებას მიმართავს. მაგალითად, ისეთ შეჭრას განახორციელებს, რომელიც განზრახ შექმნის გაურკვევლობას, რათა ალიანსის შიგნით გამოიწვიოს დავა, შეიძლება თუ არა რუსეთის ამ ქმედებებს ნატო-ს მე-5 მუხლის ამოქმედება მოჰყვეს.
როგორც „პოლიტიკო“ წერს, ევროკავშირის „თავდაცვითი მზადყოფნის საგზაო რუკაში“ ნათქვამია, რომ 2022 წელს უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ევროპის მხრიდან თავდაცვის სფეროს ხარჯების მკვეთრად გაზრდის მიუხედავად, ამ ნაბიჯების სრული ეფექტი მხოლოდ რამდენიმე წელიწადში გახდება თვალსაჩინო.
„ამ დოკუმენტის მიხედვით, ევროკავშირს სურს, 2030 წლისთვის მზად იყოს მოწინააღმდეგეების საიმედო შეკავებისა და ნებისმიერ აგრესიაზე რეაგირებისთვის, – წერს „პოლიტიკო“.

