ლატვიისა და ესტონეთის რამდენიმე რეგიონის მაცხოვრებლები დღეს დილით, რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული თავდასხმის შემდეგ, დრონებთან დაკავშირებული საფრთხის შესახებ გააფრთხილეს.
მედიის ინფორმაციით, ესტონეთის ვირუმაასა და იდა-ვირუმააას მაზრების მაცხოვრებლებმა სამხედროებისგან გაფრთხილება დღეს დილით მიიღეს. მოგვიანებით კი გაფრთხილება გაუქმდა და გამოცხადდა, რომ ესტონეთის საჰაერო სივრცეში საფრთხე აღარ არსებობდა.
ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოგვიანებით განმარტა, რომ გაფრთხილება გაიცა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო ქმედებებთან დაკავშირებით, კერძოდ, დრონების ესტონეთის საჰაერო სივრცეში შეღწევის შესაძლებლობის გამო.
ამასთან, დღეს დილით მსგავსი გაფრთხილება მიიღეს ლატვიის ქალაქების – ალუკსნეს, ბალვის, ლუძას, რეზეკნესა და კრასლავას მაცხოვრებლებმა. თუმცა, რამდენიმე საათის შემდეგ, ლატვიის ეროვნულმა შეიარაღებულმა ძალებმა განაცხადა, რომ პოტენციური საფრთხე აღარ არსებობდა.
„ეროვნული შეიარაღებული ძალები, ნატო-ელ მოკავშირეებთან ერთად, მუდმივად აკონტროლებს საჰაერო სივრცეს, რათა უზრუნველყოს პოტენციურ საფრთხეზე დაუყოვნებლივი რეაგირების შესაძლებლობა. სანამ უკრაინაში რუსული აგრესია გრძელდება, შესაძლებელია განმეორდეს შემთხვევები, როდესაც უცხოური უპილოტო საფრენი აპარატი შედის ან უახლოვდება ლატვიის საჰაერო სივრცეს“, – აცხადებენ ლატვიის ეროვნულ შეიარაღებულ ძალებში.

