უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ და სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, რობერტ ფიცომ სატელეფონო საუბრისას უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების საკითხი განიხილეს.
როგორც უკრაინის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს, მნიშვნელოვანი იყო იმის მოსმენა, რომ სლოვაკეთი მხარს უჭერს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას.
„ჩვენ გვჭირდება ჩვენს ქვეყნებს შორის ძლიერი ურთიერთობები და ორივე მხარე დაინტერესებულია ამით. მნიშვნელოვანი იყო იმის მოსმენა, რომ სლოვაკეთი მხარს უჭერს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას და მზადაა, გაუზიაროს საკუთარი გამოცდილება“, – წერს ზელენსკი.
ამასთან, ზელენსკის თქმით, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრთან სატელეფონო საუბრისას უახლოეს პერიოდში შესაძლო შეხვედრაც განიხილეს.
„მე პრემიერ-მინისტრი კიევში მოვიწვიე და მადლობა გადავუხადე ბრატისლავაში მიწვევისთვის. ასევე განვიხილეთ უახლოეს მომავალში პირადი შეხვედრის შესაძლებლობა. ჩვენი გუნდები შეხვედრის დაგეგმვაზე იმუშავებენ“, – აღნიშნავს ზელენსკი.

