აშშ-ის მიერ გერმანიიდან სამხედროების ნაწილის გაყვანა მოსალოდნელი იყო, – ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა.
ბორის პისტორიუსის თქმით, ევროპაში აშშ-ის სამხედროების ყოფნა, განსაკუთრებით გერმანიაში, ორივე მხარის ინტერესებს ემსახურება.
„ევროპაში ამერიკული ჯარების ყოფნა, განსაკუთრებით გერმანიაში, ემსახურება როგორც აშშ-ის, ასევე ჩვენს ინტერესებს“, – განაცხადა პისტორიუსმა.
გერმანიის თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ აშშ-ის გადაწყვეტილება მოსალოდნელი იყო.
„მოსალოდნელი იყო, რომ აშშ ევროპაში სამხედრო კონტინგენტს შეამცირებდა, მათ შორის გერმანიაში. ბოლო ცნობებით, საუბარია დაახლოებით 5 000 სამხედროზე, მაშინ როცა გერმანიაში მთლიანობაში თითქმის 40 000 ამერიკელი ჯარისკაცია განლაგებული“, – აღნიშნა პისტორიუსმა.
ამასთან, გერმანიის თავდაცვის მინისტრმა თქვა, რომ ევროპამ მეტი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს საკუთარ უსაფრთხოებაზე.
„ევროპამ უნდა გააძლიეროს საკუთარი თავდაცვითი შესაძლებლობები და მეტი პასუხისმგებლობა აიღოს უსაფრთხოებაზე. გერმანია ამ მიმართულებით სწორ გზაზე დგას“, – განაცხადა პისტროიუსმა.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეტმა გერმანიიდან 5 000 ამერიკელი ჯარისკაცის გაყვანის ბრძანება გასცა. პროცესი 6-12 თვის განმავლობაში დასრულდება.
ცნობისთვის, ირანთან მიმდინარე ომის გამო შეერთებული შტატების პრეზიდენტს, დონალდ ტრამპსა და გერმანიის კანცლერს, ფრიდრიხ მერცს შორის დაძაბულობა გაიზარდა. გერმანიის კანცლერმა სტუდენტებთან შეხვედრაზე აღნიშნა, რომ „ამერიკელებს სტრატეგია არ აქვთ“, საპასუხოდ დონალდ ტრამპმა ფრიდრიხ მერცი „საშინლად“ შეაფასა და თქვა, რომ მას „არაფერი ესმის“.

