აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, მან აიძულა საფრანგეთი და სხვა ევროპული ქვეყნები, წამლების ფასები გაეზარდათ.
ფლორიდაში გამართულ შეხვედრაზე ტრამპმა გაიხსენა, როგორ დაუკავშირდა საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს და განუმარტა, რომ ევროპის წამლების ფასები ამერიკულთან შედარებით მიზერულია. ეს კი, მისი თქმით, მიუღებელია.
„დავურეკე, მაგალითად, საფრანგეთს, მაკრონს ვესაუბრე. ის შესანიშნავია, ქვეყნის პრეზიდენტი, კარგი ადამიანია. ვეუბნები: ემანუელ, შენი წამლების ფასები ჩვენი ფასების ძალიან მცირე ნაწილია, ასე ვერ იქნება, მოგიწევს გაზარდო. — არა, არა, არა, დონალდ, ამას არ გავაკეთებ. — გააკეთებ, ემანუელ. — არა, არ გავაკეთებ. — გააკეთებ, 100 პროცენტით გააკეთებ. — არა, არა, არა. ეს ორიოდე წუთი გაგრძელდა. მე ვამბობდი —გააკეთებ, ის — არ გავაკეთებ. მერე ვეუბნები: ემანუელ, თუ არ გააკეთებ , საფრანგეთიდან შემოტანილ ყველა ღვინოსა და შამპანურზე 250-პროცენტიან სატარიფო გადასახადს დავაწესებ. მეუბნება: დონალდ, ეს არ შეიძლება, ამის გაკეთება არ შეგიძლია. ვეუბნები, — გავაკეთებ. — კარგი, შეთანხმება გვაქვს. სულ ეს იყო“, — განაცხადა ტრამპმა.
შეერთებული შტატების პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ანალოგიური მიდგომა გამოიყენა გერმანიასთან და სხვა ქვეყნებთანაც.
„ახლა გვაქვს მსოფლიოში წამლებზე ყველაზე დაბალი ფასები — ყველაზე მაღლიდან ყველაზე დაბლამდე“, – განმარტა ტრამპმა.

