აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“ივნისში ვიწყებთ არმიის რეფორმას” – ვოლოდიმირ ზელენსკი

ვოლოდიმირ ზელენსკი განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ ივნისში არმიის რეფორმა დაიწყება.

“ჩვენ ვიწყებთ არმიის რეფორმას. აპრილის განმავლობაში შეთანხმდა რეფორმის ძირითადი მიმართულებები: სამხედრო სარდლობამ და მთავრობამ ცვლილებების ფორმულა განსაზღვრეს. მაისში, მოხდება ყველა საკვანძო დეტალის შეჯერება. ივნისში რეფორმა დაიწყება და უკვე ივნისშივე უნდა გვქონდეს პირველი შედეგები, კერძოდ, უკრაინის თავდაცვის ძალების ჯარისკაცების, სერჟანტებისა და მეთაურების ფინანსური უზრუნველყოფის სფეროში.

პირველი: დავსახე ამოცანა, რომ საგრძნობლად გაიზარდოს ფულადი სარგო სამართლიანობის პრინციპის გათვალისწინებით. კერძოდ — საბრძოლო დავალებები წინა ხაზზე, რეალური საბრძოლო და მმართველობითი გამოცდილება და სამხედრო მოსამსახურის ეფექტიანობა უნდა გახდეს ანაზღაურების ზრდის გარანტია. მინიმალური დონე ზურგის პოზიციებზე უნდა იყოს არანაკლებ 30 ათასი გრივნისა, ხოლო საბრძოლო პოზიციებზე — რამდენჯერმე მეტი. უკრაინელი მეთაურებისთვის, საბრძოლო სერჟანტებისა და ოფიცრებისთვის დაწესდება ღირსეული და საგრძნობლად გაზრდილი ანაზღაურება.

მეორე: განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ქვეითებს. უკრაინელი ქვეითი, რომელსაც ფრონტის ხაზი უკავია, უნდა გრძნობდეს, რომ სახელმწიფო მას რეალურად სცემს პატივს. გავეცი დავალება, დაინერგოს სპეციალური კონტრაქტები სწორედ ჩვენი ქვეითებისთვის, სადაც ანაზღაურება იქნება 250-დან 400 ათას გრივნამდე, საბრძოლო დავალებების შესრულების შესაბამისად.

მესამე: შეიცვლება მიდგომები ჩვენი ქვედანაყოფების პირადი შემადგენლობით დაკომპლექტებისა და ადამიანური რესურსების მართვის კუთხით. დავავალე თავდაცვის ძალებში საკონტრაქტო სისტემის იმგვარად გაძლიერება, რომ საკონტრაქტო კომპონენტის გაფართოების ხარჯზე უზრუნველყოფილ იქნას სამსახურის განსაზღვრული ვადები და — უკვე ამ წლიდან დაწყებული — ადრე მობილიზებული პირების სამსახურიდან ეტაპობრივი დათხოვნის შესაძლებლობა, მკაფიო დროითი კრიტერიუმების საფუძველზე.

სამხედრო სარდლობასა და თავდაცვის მინისტრს დავავალე, რეფორმის იმპლემენტაცია განიხილონ ჩვენს საბრძოლო მეთაურებთან და მათი წინადადებები გაითვალისწინონ რეფორმის დეტალებზე მუშაობისას. მომავალ კვირას ველოდები მოხსენებას რეფორმის განხორციელების კონკრეტულ ნაბიჯებზე, მათ შორის, ივნისიდან გაზრდილი გადახდების გრაფიკსა და განახლებულ საკონტრაქტო სისტემაზე.“ – ნათქვამია უკრაინის პრეზიდენტის განცხადებაში.

ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს თავდაცვის მინისტრს, გენშტაბის უფროსს, პრემიერმინისტრსა და სხვა სამხედრო მეთაურებს შეხვდა.

იტვირთბა....