უკრაინამ საჰაერო დარტყმით რუსეთის 15 ელიტური საჰაერო-სადესანტო ძალების წარმომადგენელი მოკლა – ინფორმაციას უკრაინის საჰაერო-სადესანტო ძალების მე-7 სწრაფი რეაგირების კორპუსი Facebook-ზე ავრცელებს.
რუსული ძალების ჯგუფი განადგურდა დონეცკის ოლქის სოფელ ჰრიშინეს ცენტრში:
“მტერი აგრძელებს ზეწოლას ჰრიშინეზე, ცდილობს თავდაცვის გარღვევას და დასახლებულ პუნქტში გამაგრებას. მოწინააღმდეგე საცხოვრებელ და საოფისე შენობებს თავშესაფრად იყენებს. საპასუხოდ, უკრაინის საჰაერო-სადესანტო ძალების მე-7 სწრაფი რეაგირების კორპუსის პასუხისმგებლობის ზონაში მყოფი ქვედანაყოფები ახორციელებენ დაზვერვას და დარტყმებს რუსული ჯარების თავმოყრის ადგილებზე“. – წერია განცხადებაში
პირველადი ცნობებით, დაღუპულია სულ მცირე 15 რუსი ჯარისკაცი. ისინი იყვნენ რუსეთის 76-ე გვარდიული საჰაერო-სადესანტო დივიზიის სამხედრო მოსამსახურეები — ეს არის ელიტური ქვედანაყოფი, რომელიც ცნობილია როგორც „ფსკოვის მედესანტეები“.

