უკრაინის დაზვერვამ სპეცრაზმ ახმატში აგენტი ჩანერგა და კადიროველებს სათათბირო ოთახში მოსასმენები დაუმონტაჟა – უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს პრესსამსახურის ცნობით, თებერვლიდან აპრილის ჩათვლით, სამხედრო დაზვერვის სპეცდანაყოფმა, რომლის შემადგენლობაშიც იჩქერიელი მეომრებიც შედიან, სუმის მიმართულებით როსგვარდიის დანაყოფ „ახმატის“ დაქირავებული მებრძოლების განადგურების კომპლექსურ ოპერაცია ჩაატარა.
ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ მტრის გეგმებისა და განზრახვების შესახებ უკრაინის სამხედრო დაზვერვას ინფორმაციას აგენტი — „ახმატის“ ყოფილი სამხედრო მოსამსახურე აწვდიდა, რომელთანაც დაზვერვამ კავშირი 2025 წლის დასაწყისში დაამყარა.
ამავე ცნობით, აგენტმა „ახმატის“ სათათბირო ოთახში დაამონტაჟა მოსასმენი მოწყობილობა, რომელიც ფრონტის ხაზზე FPV-დრონით გაგზავნეს — უკრაინის დაზვერვის ოპერატიული თანამშრომლები კადიროველების ქვედანაყოფის მთელი სამეთაურო შემადგენლობის საუბრებს იწერდნენ.
მტრის გეგმებისა და შესაძლებლობების შესახებ მაღალმა ინფორმირებულობამ უკრაინელ სპეცრაზმელებს საშუალება მისცა, ზუსტი დარტყმები მიეყენებინათ კადიროველებისთვის მათი გადაადგილებისა და თავმოყრის ადგილებში – ნათქვამია ინფორმაციაში.
ამ სპეცოპერაციის შედეგად, ორი თვის განმავლობაში „ახმატმა“ სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან ყველაზე დიდი დანაკარგი განიცადა: 41 დაღუპული და 87 დაჭრილი. უკრაინის დაზვერვის ინფორმაციით, კიდევ ასზე მეტი დაქირავებული მებრძოლი დაკარგულად ითვლება. გარდა ამისა,
განადგურდა და დაზიანდა 160 ერთეულზე მეტი ჯავშანტექნიკა და ავტომობილი, 25-ზე მეტი სხვადასხვა ტიპის უპილოტო საფრენი აპარატი, ასევე კავშირგაბმულობის საშუალებები, რადიოელექტრონული ბრძოლისა და დაზვერვის სისტემები, საინჟინრო აღჭურვილობა და ტექნიკა, იარაღისა და საწვავის საწყობები და სხვა რესურსები.
უკრაინის დაზვერვამ აგენტი უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე უსაფრთხო გადაიყვანა.

