აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

ისრაელი აშშ-ირანის მოლაპარაკებების შესაძლო ჩაშლისა და ომის განახლებისთვის ემზადება – მედია

ისრაელის მე-12 არხის ინფორმაციით, მედიაში გავრცელებული ცნობების ფონზე, რომ აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა შესაძლოა, ირანის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებების გაგრძელების გადაწყვეტილება მიიღოს, ისრაელი მაღალი საბრძოლო მზადყოფნის რეჟიმშია და ირანის წინააღმდეგ ომის პოტენციური განახლებისთვის ემზადება. 

პარალელურად, თეთრ სახლში აშშ-ს ცენტრალური სარდლობის (CENTCOM) მეთაურმა და სამხედრო-საზღვაო ძალების ადმირალმა, ბრედ კუპერმა, ტრამპს ირანის წინააღმდეგ ახალი პოტენციური სამხედრო ვარიანტები გააცნო, რის ფონზეც ინტენსიური კონსულტაციები გამართეს ისრაელელმა მაღალჩინოსნებმაც. 

მე-12 არხის მიხედვით, ისრაელელი მაღალჩინოსნები ემზადებიან შესაძლებლობისთვის, რომ აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებები შესაძლოა, მომდევნო კვირის პირველივე დღეებშივე ჩაიშალოს. ისრაელური არხი აღნიშნულ ინფორმაციას მთავრობის კაბინეტის მინისტრებზე დაყრდნობით ავრცელებს. 

მედიაში ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ და ისრაელი ირანის წინააღმდეგ სერიოზული საზღვაო საფრთხის წარმოსაქმნელადაც ემზადებოდნენ. 

კუპერის მხრიდან ტრამპისთვის ბრიფინგის გამართვამდე, ამერიკელმა მაღალჩინოსანმა Reuters-ს აცნობა, რომ აშშ-ს პრეზიდენტს სარდლობა ახალი სამხედრო იერიშების შესახებ გეგმებს გააცნობდა, რათა აშშ-მ ირანს მოლაპარაკებების გზით კონფლიქტის დასრულება აიძულოს. 

Axios-ის კორესპონდენტის, ბარაკ რავიდის მიხედვით, ბრედ კუპერის მიერ ტრამპისთვის ბრიფინგის გამართვა მიანიშნებს, რომ აშშ-ს პრეზიდენტი ირანის წინააღმდეგ სერიოზულ საბრძოლო ოპერაციას განიხილავს, რათა მოლაპარაკებები ჩიხიდან გამოვიდეს ან ომის დამთავრებამდე აშშ-მ ირანს საბოლოო დარტყმა მიაყენოს. 

წყაროების თქმით, CENTCOM-მა ირანში იერიშების “მოკლე და ძლიერი” ტალღის გეგმა მოამზადა, რაც, სავარაუდოდ, ინფრასტრუქტურულ ობიექტებსაც მოიცავს და მისი მიზანია, ირანი იძულებული გახდეს, რომ მოლაპარაკებების მაგიდასთან ბირთვული პროგრამის საკითხზე უფრო მეტი მოქნილობა გამოიჩინოს.

ამასთან, Axios-ის ცნობით, ტრამპისთვის წარსადგენი კიდევ ერთი გეგმა ჰორმუზის სრუტის ნაწილზე კონტროლის დამყარებასაც გულისხმობდა, რაც, ერთ-ერთი წყაროს თქმით, შესაძლოა, სახმელეთო ძალების ჩართულობასაც მოიცავდეს.

ამას გარდა, 30 აპრილს გამოცემა Bloomberg-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-ს ცენტრალურმა სარდლობამ არმიის Dark Eagle ტიპის ჰიპერბგერითი რაკეტის ახლო აღმოსავლეთში გაგზავნა მოითხოვა. 

იტვირთბა....