აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

აშშ-ის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ჟურნალში გამოქვეყნდა სტატია სახელწოდებით – „სამხრეთ კავკასია, საქართველო, ნეოლითის პერიოდში პურის ხორბლის წარმოშობის დამოუკიდებელი ცენტრი“

აშშ-ის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ჟურნალში (PNAS) გამოქვეყნდა სტატია სახელწოდებით „სამხრეთ კავკასია, საქართველო, ნეოლითის პერიოდში პურის ხორბლის წარმოშობის დამოუკიდებელი ცენტრი“. სტატია ადასტურებს, რომ საქართველო პურის ხორბლის (Triticum aestivum) წარმოშობის დამოუკიდებელი და დღეისათვის დოკუმენტურად დადასტურებული უძველესი კერაა. ინფორმაციას საქართველოს კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, სტატია ეყრდნობა აკადემიკოს დავით ლორთქიფანიძის ხელმძღვანელობით ჩატარებულ საერთაშორისო მულტიდისციპლინურ კვლევას, რომელიც ეფუძნება საქართველოში გადაჭრილ და შულავერის გორებზე აღმოჩენილ 8 000 წლის წინანდელ არქეოლოგიურ მასალასა და პალეოეთნობოტანიკოსის, პროფესორ ნანა რუსიშვილის მრავალწლიან სამეცნიერო კვლევებს.

როგორც კულტურის სამინისტროს ინფორმაციაშია აღნიშნული, ისრაელის ვაისმანის ინსტიტუტში რადიოკარბონული მეთოდით ჩატარებული დათარიღების საფუძველზე დადასტურდა, რომ საქართველოს ნეოლითურ ნამოსახლარებში გამოვლენილი მასალა პურის ხორბლის არსებობის მსოფლიოში უძველეს, დღემდე ცნობილ ფიზიკურ მტკიცებულებას წარმოადგენს.

უწყების ცნობით, კვლევის თანაავტორთა შორის არიან ქართველი და უცხოელი მეცნიერები: მინდია ჯალაბაძე, ინგა მარტყოფლიშვილი, მარინე მოსულიშვილი, ნანა მელაძე, დავით მაღრაძე, ელიზაბეტა ბოარეტო და სტივენ ბატიუკი.

„საერთაშორისო მულტიდისციპლინური კვლევა საქართველოს კულტურის სამინისტროს, ღვინის ეროვნული სააგენტოს პროექტის „ღვინისა და ვაზის კვლევა და პოპულარიზაცია“ ფარგლებში, ტორონტოს უნივერსიტეტის, ვაისმანის ინსტიტუტისა და „საზოგადოება ივერიისას“ მხარდაჭერით განხორციელდა“, – ნათქვამია კულტურის სამინისტროს ინფორმაციაში.

ამასთან, კულტურის სამინისტროს ცნობით, საქართველოს ტერიტორიაზე პურის ხორბლის წარმოშობის უძველესი კერის დამადასტურებელი უახლესი სამეცნიერო კვლევის შედეგების პრეზენტაცია პირველ მაისს, 14:00 საათზე ეროვნულ მუზეუმში გაიმართება.

იტვირთბა....