გამოცემა Axios-ის ინფორმაციით, აშშ-ს ცენტრალური სარდლობის (CENTCOM) მეთაური და სამხედრო-საზღვაო ძალების ადმირალი, ბრედ კუპერი, 30 აპრილს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ირანის წინააღმდეგ პოტენციური სამხედრო ნაბიჯების შესახებ ახალ გეგმებს გააცნობს. ამის შესახებ გამოცემას საკითხზე ინფორმირებულმა ორმა წყარომ აცნობა.
Axios-ის კორესპონდენტის, ბარაკ რავიდის მიხედვით, ბრედ კუპერის მიერ ტრამპისთვის ბრიფინგის გამართვა მიანიშნებს, რომ აშშ-ს პრეზიდენტი ირანის წინააღმდეგ სერიოზულ საბრძოლო ოპერაციას განიხილავს, რათა მოლაპარაკებები ჩიხიდან გამოვიდეს ან ომის დამთავრებამდე აშშ-მ ირანს საბოლოო დარტყმა მიაყენოს.
წყაროების თქმით, CENTCOM-მა ირანში იერიშების “მოკლე და ძლიერი” ტალღის გეგმა მოამზადა, რაც, სავარაუდოდ, ინფრასტრუქტურულ ობიექტებსაც მოიცავს და მისი მიზანია, ირანი იძულებული გახდეს, რომ მოლაპარაკებების მაგიდასთან ბირთვული პროგრამის საკითხზე უფრო მეტი მოქნილობა გამოიჩინოს.
ამასთან, Axios-ის ცნობით, ტრამპს წარუდგენენ კიდევ ერთ გეგმასაც, რომელიც ჰორმუზის სრუტის ნაწილზე კონტროლის დამყარებას გულისხმობს, რათა კომერციული მიმოსვლა აღდგეს. ერთ-ერთი წყაროს მიხედვით, მსგავსი ოპერაცია შესაძლოა, სახმელეთო ძალების ჩართულობასაც მოიცავდეს.
მანამდე ტრამპმა Axios-თან საუბრისას აღნიშნა, რომ მისი გადმოსახედიდან ირანის წინააღმდეგ საზღვაო ბლოკადა “გარკვეულწილად უფრო ეფექტურია, ვიდრე დაბომბვა”.
გამოცემას ორმა წყარომ განუცხადა, რომ ამ ეტაპზე ტრამპი ბლოკადას ირანზე ზეწოლის მთავარ წყაროდ მიიჩნევს, თუმცა, ის სამხედრო მოქმედებებსაც განიხილავს იმ შემთხვევაში, თუკი თეირანი დათმობებზე არ წავა.
Axios-ის ინფორმაციით, აშშ-ს სამხედრო ძალები ასევე ითვალისწინებენ შესაძლებლობას, რომ ბლოკადის პასუხად ირანი ახლო აღმოსავლეთში განლაგებული აშშ-ს ძალების წინააღმდეგ სამხედრო ნაბიჯებს გადადგამს.

