ევროკავშირი მზადაა, მოპარული უკრაინული მარცვლეულით დატვირთული რუსული ჩრდილოვანი ფლოტის გემის მიღების გამო ისრაელს სანქციები დაუწესოს. ამის შესახებ სტატიას „ევრონიუსი“ ავრცელებს.
როგორც გამოცემა წერს, უკრაინასა და ისრაელს შორის ურთიერთობა მას შემდეგ გამწვავდა, რაც ისრაელის ქალაქ ჰაიფას პორტში გემი ჩავიდა, რომელსაც რუსეთის მიერ უკრაინიდან მოპარული მარცვლეული გადაჰქონდა.
„ევრონიუსის“ ცნობით, ევროკავშირმა გააფრთხილა ისრაელი, რომ მზად არის, სანქციები დაუწესოს მათ, ვინც რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოპარული უკრაინული მარცვლეულით ვაჭრობას უწყობს ხელს.
„ევროკავშირმა გაითვალისწინა ინფორმაცია, რომ რუსული ჩრდილოვანი ფლოტის გემს, რომელსაც მოპარული უკრაინული მარცვლეული გადაჰქონდა, ისრაელმა ჰაიფას პორტში გადმოტვირთვის უფლება მისცა, მიუხედავად უკრაინისა და ისრაელის ხელისუფლებას შორის ამ საკითხთან დაკავშირებით კონტაქტებისა. ჩვენ ვგმობთ ყველა ქმედებას, რომელიც ხელს უწყობს რუსეთის უკანონო საომარი ძალისხმევის დაფინანსებას და ევროკავშირის სანქციების გვერდის ავლას“, – განუცხადა ევროკომისიის სპიკერმა „ევრონიუსს“.
ცნობისთვის, პანამის დროშის ქვეშ მცურავი გემის ჰაიფაში ჩასვლამ უკრაინასა და ისრაელს შორის დაძაბულობა გაამწვავა. გემს, სახელწოდებით „პანორმიტი“, სავარაუდოდ 6 200 ტონაზე მეტი ხორბალი და 19 000 ტონა ქერი გადაჰქონდა. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოუწოდა ისრაელს, უარი ეთქვა რუსული გემის მიღებაზე და განაცხადა, რომ მისი მთავრობა ევროპელებთან კოორდინაციით დაიწყებს „შესაბამისი სანქციების“ მომზადებას იმ პირების წინააღმდეგ, რომლებიც „ამ დანაშაულებრივი სქემიდან მოგებას მიიღებდნენ“.

