რუსეთმა საქართველოდან მანდარინის დიდი პარტიის შეტანა აღკვეთა, – ამის შესახებ რუსეთის ფედერალური საბაჟო სამსახურის წარმომადგენელმა რაიან ფარუკშინმა რუს ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მან განაცხადა, გადაწყვეტილების მიზეზი ის იყო, რომ 107 ტონა მანდარინიდან დაახლოებით 40 ტონა – თურქული ხილი იყო, რომელზეც რუსეთში სანქციები მოქმედებს.
„მანდარინის პარტია საქართველოს ფოთის პორტიდან შემოვიდა. საქონლის გამგზავნად დასახელებულ იყო ქართული ფირმა, ფიტოსანიტარული სერტიფიკატები საქართველოს სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ იყო გაცემული. შემოწმების დროს გამოვლინდა, რომ 40 ტონამდე მანდარინი თურქული იყო, დანარჩენი იყო აფხაზეთსა და საქართველოში მოყვანილი“, – განაცხადა ფარუკშინმა.
რუსეთის ფედერალური საბაჟო სამსახურის ინფორმაციით, შემოწმების შემდეგ მანდარინის პარტია საქართველოში გაგზავნეს. გადამზიდის წინააღმდეგ საქმე საქონლის შეტანაზე დაწესებული შეზღუდვების, ან აკრძალვის დარღვევის მუხლითაა აღძრული.
რუსეთმა თურქეთიდან ბოსტნეულისა და ხილის სხვადასხვა სახეობის ექსპორტი მიმდინარე წლის 1-ელ იანვარს აკრძალა.