ევროკავშირის ელჩი როცა პირდაპირ ემუქრება ქართველ ხალხს სამოქალაქო ომით, სიღარიბეში დაბრუნებით, ეს, რა თქმა უნდა, ძალიან მძიმეა, – ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, ჰერჩინსკის განცხადება თავისი შინაარსით უმძიმესია.
„ბატონი ჰერჩინსკი ასევე ემუქრებოდა ქართველ ხალხს საპარლამენტო არჩევნების წინ, როდესაც ის მოუწოდებდა ხალხს, ამომრჩეველს, გამოსულიყვნენ საარჩევნო უბნებზე და ხელისუფლებაში დაებრუნებინათ კოლექტიური „ნაცმოძრაობა“. რეალურად, ამას ნიშნავდა ბატონი ჰერჩინსკის მაშინდელი მოწოდება. რა თქმა უნდა, კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ დაბრუნება ხელისუფლებაში ნიშნავს სწორედ ბნელ წარსულში დაბრუნებას, რაც ჩვენ გამოვიარეთ, ამაში დაბრუნება არ უნდა ქართველ ხალხს. სწორედ ამის გამო 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს, ქართველმა ხალხმა საერთოდ არ იღო ყურად ჰერჩინსკის მოწოდება. მან მხედველობაში მიიღო საკუთარი ინტერესები და არა ევროკავშირის ელჩის მოწოდება, დაებრუნებინა ქვეყანა ხალხს საკუთარი ხელით კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ბნელ წარსულში. არ იყო ახალი არაფერი, რასაც მიჩვეული ვართ ევროკავშირის ელჩისგან, იგივე განცხადება გააკეთა რეალურად. არ იყო სიახლე, მაგრამ მაინც ჩაითვალა საჭიროდ რეაგირება და სწორედ ამის გამო, დიპლომატიური ნაბიჯი გადაიდგა, დაბარებული იქნა ელჩი, მოისმინა საგარეო საქმეთა მინისტრმა მისგან განმარტებები. ეს არის ის დიპლომატიური ნაბიჯი, რომელიც უნდა გადადგმულიყო ამ საკითხთან დაკავშირებით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

