აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“უკრაინა ამზადებს შესაბამის სანქციათა პაკეტს, რომელიც შეეხება როგორც მათ, ვინც უშუალოდ გადაზიდავს ამ მარცვლეულს, ისე იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, ვინც ამ კრიმინალური სქემით ფულის გამომუშავებას ცდილობს” – ვოლოდიმირ ზელენსკი

ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინა ამზადებს სანქციების პაკეტს, რომელიც შეეხება როგორც მარცვლეულის გადაზიდვაში ჩართულ პირებს, ისე იმ ფიზიკურ და იურიდიულ სუბიექტებს, რომლებიც ამ სქემით სარგებლის მიღებას ცდილობენ.

„ყველა ნორმალურ ქვეყანაში მოპარულის შეძენა წარმოადგენს ქმედებას, რომელიც იურიდიულ პასუხისმგებლობას იწვევს. ეს ეხება, მათ შორის, რუსეთის მიერ მოპარულ მარცვლეულსაც. კიდევ ერთი გემი ასეთი მარცვლეულით ისრაელის პორტში ჩავიდა და გადმოტვირთვისთვის ემზადება. ეს არ არის და არც შეიძლება იყოს სუფთა ბიზნესი. ისრაელის ხელისუფლებამ არ შეიძლება არ იცოდეს, რომელი გემები და რა ტვირთით შედიან ქვეყნის პორტებში.

რუსეთი სისტემატურად იპარავს მარცვლეულს უკრაინის დროებით ოკუპირებულ მიწებზე და ორგანიზებას უწევს ამ მარცვლეულის გატანას ოკუპანტებთან დაკავშირებული პირების მეშვეობით. ასეთი გარიგებები არღვევს თავად ისრაელის სახელმწიფოს კანონმდებლობას.

უკრაინამ დიპლომატიური არხებით ყველა საჭირო ნაბიჯი გადადგა მსგავსი ინციდენტების თავიდან ასაცილებლად. მიუხედავად ამისა, ვხედავთ, რომ მორიგი ასეთი გემი არ შეაჩერეს. დავავალე უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს, ამ სიტუაციის შესახებ ჩვენი სახელმწიფოს ყველა პარტნიორი ჩააყენოს საქმის კურსში.

ჩვენი დაზვერვის მონაცემებზე დაყრდნობით, უკრაინა ამზადებს შესაბამის სანქციათა პაკეტს, რომელიც შეეხება როგორც მათ, ვინც უშუალოდ გადაზიდავს ამ მარცვლეულს, ისე იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, ვინც ამ კრიმინალური სქემით ფულის გამომუშავებას ცდილობს. მოვახდენთ კოორდინაციას ევროპელ პარტნიორებთანაც, რათა შესაბამისი პირები შეყვანილ იქნან ევროპულ სანქციების რეჟიმებში.

უკრაინა ყველა სახელმწიფოსთან პარტნიორულ ურთიერთობებსა და ურთიერთპატივისცემას ეყრდნობა. ჩვენ რეალურად ვმუშაობთ იმაზე, რომ უსაფრთხოება, მათ შორის ახლო აღმოსავლეთის რეგიონში, გაიზარდოს. მოველით, რომ ისრაელის ხელისუფლება პატივს სცემს უკრაინას და არ გადადგამს ნაბიჯებს, რომლებიც ასუსტებს ორმხრივ ურთიერთობებს.“ – ნათქვამია უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებაში.

ისრაელის მედიის – Haaretz ინფორმაციით, გემი Panormitis, რომელიც 6 ათას ტონაზე მეტი ხორბლითა და 19 ათასი ტონა ქერით იყო დატვირთული, ისრაელში 26 აპრილს ჩავიდა. მედია წერს, რომ 2026 წლის განმავლობაში ისრაელში უკრაინული მოპარული მარცვლეულის უკვე ოთხი პარტია დაიცალა. კერძოდ, ხაიფაში მიიღეს გემი ABINSK მოპარული ხორბლით. ცნობილია, რომ ეს ხომალდიც რუსეთის ჩრდილოვან ფლოტს ეკუთვნის. დღეს გავრცელებული ინფორმაციით კი, ევროკავშირი სანქციების დაწესებას განიხილავს იმ ისრაელელი ფიზიკური და იურიდიული პირების წინააღმდეგ, რომლებიც რუსეთს უკრაინული მოპარული მარცვლეულით უკანონო ვაჭრობაში ეხმარებოდნენ.

იტვირთბა....