2026 წლის 27 აპრილს ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე წარმოთქმული სიტყვით პატივი მივაგე უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ხსოვნას, – ამის შესახებ ევროპარლამენტარი კრისტიან ტერესი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც კრისტიან ტერესმა ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, ილია მეორემ განსაცდელის ჟამს დაიცვა ქართული სულიერი იდენტობა, ენა და უძველესი ტრადიციები.
„ქართველმა ქრისტიანმა ერმა 2026 წლის მარტში ღრმა და მტკივნეული დანაკარგი განიცადა: მისი სულიერი ლიდერის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორეს გარდაცვალება. განსაცდელებისა და სულიერი გვალვის ეპოქაში იგი იქცა რწმენის, სიმამაცისა და მამობრივი სიყვარულის ცოცხალ განსახიერებად. 1977 წელს, საბჭოთა სიბნელის პერიოდში, პატრიარქად კურთხევის შემდეგ მან უშიშრად აღადგინა ქართული ეკლესია და ქრისტეს ნათელი მილიონობით ქართველის გულში აანთო. თეოლოგმა და დაუღალავმა მწყემსმა, ილია მეორემ განსაცდელის ჟამს დაიცვა ქართული სულიერი იდენტობა, ენა და უძველესი ტრადიციები. მისი სიბრძნე გაუძღვა ქართველ ერს როგორც დამოუკიდებლობის მოპოვების, ისე სირთულეების გადალახვის გზაზე, გააერთიანა ყველა ქართველი ლოცვაში, მოქმედებასა და იმედში. მის არსებობას სიმშვიდე მოჰქონდა, ხოლო მისი სიტყვები წმინდა წერილის ძალას ატარებდა. როგორც ევროპარლამენტის წევრი, დღეს აქ ვიხსენებ პატრიარქ ილია მეორის ხსოვნას, რათა მისი რწმენის, სიმამაცის ნათელი მაგალითი მარადიულად დარჩეს. უფალმა მიანიჭოს მას საუკუნო განსასვენებელი და ქართველმა ერმა შეინარჩუნოს მისი მარადიული ხსოვნა. ამინ. გმადლობთ“, – განაცხადა კრისტიან ტერესმა ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

