ირანში ომმა, შესაძლოა, გავლენა მოახდინოს ბრიტანელების ყოველდღიურ ცხოვრებაზე, მათ შორის იმაზე, თუ რას ყიდულობენ სუპერმარკეტებში და სად ისვენებენ ზაფხულში, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა The Cathy Newman Show-სთან ინტერვიუში განაცხადა.
„ვნახავთ, რამდენ ხანს გაგრძელდება კონფლიქტი. მე ვხედავ, რომ თუ მისი გავლენა გაიზრდება, ადამიანებმა, შესაძლოა, შეცვალონ ჩვევები. სად წავლენ შვებულებაში წელს, რას იყიდიან სუპერმარკეტში და მსგავსი რაღაცები“, – განაცხადა სტარმერმა.
კითხვაზე, ნიშნავს თუ არა ეს საკვებისა და საწვავის დეფიციტს, სტარმერმა უპასუხა, რომ მისი გზავნილი საზოგადოებისთვის ის არის, რომ პანიკის საფუძველი არ არსებობს.
„ჩვენ გადავწყვიტეთ, არ ჩავერთოთ ამ ომში. ეს სწორი გადაწყვეტილება იყო. მაგრამ ჩვენ უნდა დავიცვათ ბრიტანელი ხალხი მისი ზემოქმედებისგან“, – განაცხადა სტარმერმა.
სტარმერის თქმით, ამ მიზნით რეგულარულად ტარდება შეხვედრები და ის თავად ხელმძღვანელობს შესაბამის კომიტეტს, რომელიც რეგიონში არსებული ვითარების ეკონომიკურ შედეგებს განიხილავს.
„სწორედ ამიტომ ვატარებთ ამ შეხვედრებს. ხვალინდელ შეხვედრას მე ვხელმძღვანელობ. ამას რეგულარულად ვაკეთებ და ეს ნიშნავს, რომ ყველაფერი კარგად უნდა განვიხილოთ. კიდევ რა შეგვიძლია, გავაკეთოთ? როგორ ვმართოთ რისკები? მნიშვნელოვანია, ითქვას, იმის გამო, რომ ეკონომიკა უკეთეს მდგომარეობაში ჩავაყენეთ, ჩვენ უკეთეს მდგომარეობაში ვართ ამ პრობლემის მოსაგვარებლად“, – აღნიშნა სტარმერმა.

