ოფიციალური პეკინი აცხადებს, რომ აშშ-ის მიერ ირანული ნავთობის იმპორტის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები საერთაშორისო სამართალს არ ეფუძნება. ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, ლინ ძიანმა განაცხადა.
სპიკერმა ასევე აღნიშნა, რომ პეკინი ვაშინგტონს მოუწოდებს, სანქციები დაუყოვნებლივ გააუქმოს.
„ჩინეთი ყოველთვის ეწინააღმდეგება უკანონო ცალმხრივ სანქციებს, რომლებიც საერთაშორისო სამართალს არ ეფუძნება და მოუწოდებს აშშ-ს, შეწყვიტოს სანქციების ბოროტად გამოყენებისა და იურისდიქციის გრძელვადიანი გამოყენების არასწორი პრაქტიკა“, – განაცხადა ლინ ძიანმა.
მისივე თქმით, ჩინეთი მტკიცედ დაიცავს ჩინური კომპანიების ლეგიტიმურ უფლებებსა და ინტერესებს.
ცნობისთვის, 24 აპრილს აშშ-მა სანქციები დაუწესა ჩინეთში დაფუძნებულ მსხვილ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ირანული ნავთობის ტრანსპორტირებაში ჩართულ დაახლოებით 40 გადამზიდ კომპანიასა და ტანკერს. სანქციები შეეხება Hengli Petrochemical-ის ობიექტს დალიანის პორტში, რომლის გადამუშავების სიმძლავრე დღეში დაახლოებით 400 000 ბარელი ნედლი ნავთობია. ეს არის ჩინეთში ერთ-ერთი უდიდესი დამოუკიდებელი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა.

