პოლონეთის პრემიერ-მინისტრის, დონალდ ტუსკის განცხადებით, პოლონეთი უკრაინასთან თანამშრომლობს უპილოტო საფრენი აპარატების არმადის შექმნაზე. ამის შესახებ ტუსკმა პოლონეთის ქალაქ ჟეშუვში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„ვამაყობ, რომ დღეს თქვენთან ერთად შემიძლია, გავხსნა პოლონეთის უსაფრთხოების განვითარების ეს ახალი ეტაპი. ვამაყობ, რომ პროექტში ჩვენი პარტნიორია ქვეყანა, რომელსაც ყველაზე დიდი გამოცდილება აქვს ამ სფეროში. დიდი სიამოვნებით შემიძლია, განვაცხადო, რომ პოლონეთის გეგმა უპილოტო აპარატების არმადის შექმნის შესახებ იქნება გეგმა, რომელსაც ასევე მხარს დაუჭერენ უკრაინელი მეგობრები დრონების სფეროში ტექნიკური იდეებითა და კომპეტენციით“, – განაცხადა ტუსკმა.
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინა გახდა პარტნიორი იმ სახელმწიფოებისთვის, რომლებიც საკუთარი საჰაერო სივრცის დაცვას ცდილობენ. მედიის ცნობით, ამ კონტექსტში ტუსკმა გაიხსენა უკრაინის მიერ ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებისთვის გაწეული დახმარება.
„მინდა აქ, ჟეშუვში, ძალიან მკაფიოდ აღვნიშნო, რომ პოლონეთ-უკრაინის და ევროპასა და უკრაინას შორის ურთიერთობები არ არის მხოლოდ ცალმხრივი დახმარება ქვეყნისთვის, რომელიც ომშია. ჩვენ შევძელით, და პოლონეთმა ამ პროცესში წამყვანი როლი შეასრულა, შეგვექმნა პარტნიორობის ისეთი მოდელი, რომელშიც უკრაინასაც შეუძლია რაღაცის შემოთავაზება“, – განაცხადა ტუსკმა.

