საგარეო საქმეთა სამინისტროში ჰერჩინსკის დაბარება რელევანტურია, ვინაიდან მას კითხვებზე პასუხები აქვს გასაცემი. მისი რიტორიკა უკვე ყოველგვარ სითავხედეს სცდება, – ამის შესახებ ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.
მისივე თქმით, ჰერჩინსკი მთლიანად საქართველოს და ქართველ ხალხს ემუქრება.
„აქამდე „ქართულ ოცნებას“ გვაკრიტიკებდა, ყველანაირ საზღვარს ცდებოდა, მიკერძოებული იყო და, რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, ფაქტობრივად, ოპოზიციის აქტივისტად წარმოჩინდა. არჩევნების წინ ჩვენს მოქალაქეებს მოუწოდა, „ქართული ოცნებისთვის“ ხმა არ მიეცა. ამ შემთხვევაში კი, ჰერჩინსკი მთლიანად საქართველოს და ქართველ ხალხს ემუქრება. ძალიან საინტერესოა, რა პასუხს გასცემს საგარეო საქმეთა სამინისტროს, როდესაც ამბობს, თითქოს იმავე დროში დავბრუნდებით, სამოქალაქო ომის პერიოდსა და ბნელ წარსულში. ეს ძალიან თავხედური განცხადებაა. მოლოდინი არც მაქვს, რომ ამ ყველაფერს რაიმე ლოგიკურ ახსნა, ლოგიკური დასაბუთება ექნება, მაგრამ მაინც საინტერესოა, რა პასუხს გასცემს“, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.
კითხვაზე, რა მიზანს ემსახურება პაველ ჰერჩინსკის განცხადება?, მაჭავარიანმა უპასუხა:
„რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, ეს არის ევრობიუროკრატების პოზიციის გაზიარება. რა თქმა უნდა, მათი დავალებით მოქმედებს. მიზანი მხოლოდ ერთია – რადიკალურ ოპოზიციას რაღაცნაირად მხარდაჭერა აღუთქვან. ძალიან ცდებიან, თუ ფიქრობენ, რომ ამით რადიკალურ ოპოზიციას რეიტინგს მოუმატებენ და ჩვენ დაგვაკლებენ. თავისი თვალით იხილეს, ბრიუსელმა რადიკალების მაგივრად წინასაარჩევნო კამპანია როცა ჩაატარა, ჩვენი ხალხი როგორ გაერთიანდა და „ქართულ ოცნებას“ რამხელა მხარდაჭერა ჰქონდა“.
ცნობისთვის, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი იყო დაბარებული. ავლაბრის ცერემონიების სასახლეში მაკა ბოჭორიშვილსა და საქართველოში ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკის შორის შეხვედრა ცოტა ხნის წინ დასრულდა. შეხვედრა დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. ელჩმა ავლაბრის რეზიდენცია ისე დატოვა, ჟურნალისტებთან არ გამოჩენილა.
ჰერჩინსკის დაბარება უკავშირდებოდა რამდენიმე დღის წინ ბრიუსელში, ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურში გამართულ ღონისძიებაზე მის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომელიც რამდენიმე ქართულმა მედიამ გაავრცელა: „საქართველო გზაგასაყარზე დგას, საქართველოს მომავალი ჯერ არ დაწერილა, მაგრამ ის, რაც მომავალ კვირებსა და თვეებში გადაწყდება, განსაზღვრავს, ეკუთვნის საქართველო ევროპული ქვეყნების ოჯახს, რომელიც დაფუძნებულია დემოკრატიაზე, კანონის უზენაესობასა და ადამიანის უფლებებზე, თუ, სამწუხაროდ, თავის ბნელ წარსულს დაუბრუნდება“. ამასთან, ჰერჩინსკიმ აღნიშნა: „არ უნდა დავუშვათ, რომ საქართველო და შესანიშნავი, თბილი, სტუმართმოყვარე ქართველი ხალხი დაბრუნდეს ძალადობის, სამოქალაქო ომის, სიღარიბის, გაჭირვების, კორუფციის ბნელ დროში“.
23 აპრილს ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „ევროკავშირის ელჩი ქართველ ხალხს ემუქრება სამოქალაქო ომით, გაღარიბებით და ეს არის მისი პირდაპირი მუქარა. ამისთვის მიზანშეწონილია ელჩის დაბარება საგარეო საქმეთა სამინისტროში“.

