აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა ციტატა

ანდრეი სიბიგა – ევროკავშირის ძირითადი გადაწყვეტილებები უკვე განბლოკილია და ისინი დაუყოვნებლივ და სრულად უნდა განხორციელდეს

რუსეთის მიერ უკრაინაზე ღამით განხორციელებული მასშტაბური თავდასხმის შემდეგ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიგამ განაცხადა, რომ „ევროკავშირის მიერ ახლახან განბლოკილი საკვანძო გადაწყვეტილებების სწრაფი განხორციელება აუცილებელია“. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

ანდრეი სიბიგას თქმით, რუსეთმა ღამით უკრაინის მიმართულებით, სულ მცირე, 650 დრონი და რაკეტა გაუშვა და მიზანმიმართულად შეუტია სამოქალაქო ობიექტებს. გარდა ამისა, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის ხელმძღვანელობამ სრულად უნდა აგოს პასუხი ომის დანაშაულებებზე.

„ევროკავშირის ძირითადი გადაწყვეტილებები უკვე განბლოკილია და ისინი დაუყოვნებლივ და სრულად უნდა განხორციელდეს. ნებისმიერი დაყოვნება მხოლოდ მოსკოვის ინტერესებს ემსახურება. რუსეთის ტერორზე ერთადერთი ადეკვატური პასუხი არის მაქსიმალური ზეწოლა, სანქციების გამკაცრება და უკრაინის მხარდაჭერის გაფართოება, რათა ეს აგრესია შეჩერდეს და ევროპაში უსაფრთხოება აღდგეს“, – აღნიშნავს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი.

ცნობისთვის, ევროკავშირის საბჭომ 23 აპრილს წერილობითი პროცედურით დაამტკიცა ცვლილებები ევროკავშირის გრძელვადიან ბიუჯეტში 2021-2027 წლებისთვის, რაც საშუალებას მისცემს უკრაინას, 2026-2027 წლებში მიიღოს 90 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება, ასევე რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მე-20 პაკეტი.  მოსალოდნელია, რომ ევროკავშირის მიერ 90 მილიარდი ევროს სამხედრო დახმარების პირველი ტრანში ექვსი მილიარდი ევრო იქნება, რომელიც უკრაინას არაუგვიანეს ივნისისა გადაეცემა. ამ დახმარების მისაღებად უკრაინამ რიგი რეფორმები უნდა გაატაროს, რომლებიც კანონის უზენაესობასა და კორუფციასთან ბრძოლას შეეხება.

იტვირთბა....