უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მასშტაბური იერიშის შემდეგ რუმინეთის ტერიტორიაზე დრონების ნამსხვრევები ჩამოვარდა, – ინფორმაციას რუმინეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
რუმინეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ღამით რადარებმა დააფიქსირეს დრონები, რომლებიც ქვეყნის საჰაერო სივრცეს უახლოვდებოდნენ, შედეგად, საჰაერო სივრცეში დიდი ბრიტანეთის საჰაერო ძალების ორი ავიაგამანადგურებელი, Eurofighter Typhoon-ი განლაგდა.
„Eurofighter Typhoon-ის ტიპის თვითმფრინავებმა სამიზნესთან კონტაქტი რადარზე დააფიქსირეს, რენიდან 1.5 კმ-ში, უკრაინის ტერიტორიის თავზე. პილოტებს დრონების მიმართულებით ცეცხლის გახსნის უფლება მიეცათ“, – ნათქვამია რუმინეთის თავდაცვის უწყების განცხადებაში.
რუმინეთის თავდაცვის უწყების განცხადებაში აღნიშნულია, რომ დრონების ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად ქალაქ გალაცის ტერიტორიაზე ელექტროგადამცემი ხაზი და საცხოვრებელი სახლის დამხმარე ნაგებობა დაზიანდა.

