აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

” ფოლკლენდის კუნძულებზე სუვერენიტეტი დიდ ბრიტანეთს ეკუთვნის, ჩვენი პოზიცია ამ ტერიტორიებთან დაკავშირებით უცვლელი რჩება” – კირ სტარმერის პრესსპიკერი 

ფოლკლენდის კუნძულებზე სუვერენიტეტი დიდ ბრიტანეთს ეკუთვნის და ჩვენი პოზიცია ამ ტერიტორიებთან დაკავშირებით უცვლელი რჩება, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის პრესსპიკერმა განაცხადა.

„სუვერენიტეტი დიდ ბრიტანეთს ეკუთვნის. თვითგამორკვევის უფლება უმთავრესია. ეს ჩვენი თანმიმდევრული პოზიცია იყო და ასეც დარჩება“, – განაცხადა სტარმერის პრესსპიკერმა.

მისივე თქმით, დიდმა ბრიტანეთმა აშშ-სთან აღნიშნული პოზიცია ადრეც მკაფიოდ დააფიქსირა. კითხვაზე, თვლიდა თუ არა სტარმერი, რომ ეს იყო აშშ-ის მცდელობა, ირანის ომში ჩართვის მიზნით მასზე ზეწოლა მოეხდინა, მისმა პრესსპიკერმა განაცხადა: „სტარმერმა ისაუბრა ამაზე და ასევე ისაუბრა იმაზეც, თუ როგორ არ მოქმედებს ეს ზეწოლა მასზე და ის ყოველთვის იმოქმედებს ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე.”

ცნობისთვის, „როიტერის” მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ირანის წინააღმდეგ ომში დიდი ბრიტანეთის მხრიდან მხარდაჭერის არარსებობის გამო აშშ ფოლკლენდის კუნძულების კუთვნილების საკითხს განიხილავს.

ინფორმაციისთვის, ფოლკლენდის კუნძულები, რომლებიც სამხრეთ ამერიკაში მდებარეობს, 1833 წლიდან ბრიტანეთის სუვერენიტეტის ქვეშაა. 1982 წელს კუნძულების კუთვნილების საკითხზე არგენტინასა და გაერთიანებულ სამეფოს შორის ომი მოხდა, რომელიც ბრიტანეთის გამარჯვებით დასრულდა. 2013 წლის რეფერენდუმში კუნძულების მოსახლეობის 99.8%-მა მხარი დაუჭირა გაერთიანებული სამეფოს ზღვისიქითა ტერიტორიის სტატუსის შენარჩუნებას.

იტვირთბა....