ქალაქ თბილისის მერია ბოტანიკურ ბაღთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესებს ეხმაურება.
„პირველ რიგში, გვინდა აღვნიშნოთ, რომ ბოტანიკური ბაღის საკადასტრო საზღვრების კორექტირება განხორციელდა ბაღის ფართობის უცვლელად და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის არეალისგან დამოუკიდებლად.
ბოტანიკურ ბაღს ძეგლის სტატუსი მიენიჭა 2007 წელს, თბილისის არქიტექტურის საქალაქო სამსახურის მიერ 2000 წელს დადგენილი პირობითი გეგმის მიხედვით, რაც მოიცავდა 81 ჰა ტერიტორიას და აღნიშნულ საზღვრებში არ შედის ის ფართობი, რომლის ცვლილებაც განხორციელდა.
ამასთან, ძეგლის მომიჯნავედ არსებული მიწის ნაკვეთების საზღვრების კონფიგურაციის ცვლილება არ განეკუთვნება კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს უფლებამოსილებას, შესაბამისად, თბილისის მერიის მიერ საზღვრების კორექტირება განხორციელდა მოქმედი კანონმდებლობის სრული დაცვით და დადგენილი წესების შესაბამისად.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, გარკვეული პოლიტიკური ჯგუფი ცდილობს თემის მანიპულირებითა და პოპულისტური განცხადებებით საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს, რაც ჩვენთვის სრულიად მიუღებელია.
თბილისის მერია მოუწოდებს მოსახლეობას, ნუ აჰყვებიან მიზანმიმართულ პროვოკაციას, რათა საკითხის პოლიტიკური ინტერპრეტირებით არ დაზარალდეს თბილისის ბოტანიკური ბაღის ინტერესები და განვითარების პერსპექტივა“ – ნათქვამია განცხადებაში.