აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ეს, სავარაუდოდ, უფრო ანგარიშის ჩაბარებაა – საიდუმლო შეხვედრებიც არის ხოლმე, სადაც ფილმის სიუჟეტის მსგავსად, ელჩი თავის სტუმრებს აპარებს საელჩოდან” – ლევან მაჭავარიანი „ოპოზიციური ალიანსის“ ბრიტანეთის ელჩთან შეხვედრაზე 

ეს, სავარაუდოდ, უფრო ანგარიშის ჩაბარებაა, ვინაიდან მათი ხედვა არავის აინტერესებს, – ასე შეაფასა ლევან მაჭავარიანმა “ოპოზიციური ალიანსის” ბრიტანეთის ელჩთან, გარეტ უორთთან შეხვედრა.

მისი თქმით, „ვისთანაც ისინი შეხვედრებზე დადიან – რამდენიმე ელჩთან და ევრობიუროკრატთან – სწორედ მათგან იღებენ მითითებებს ეს რადიკალები.”

“ძალიან ხშირია ბრიტანეთის ელჩთან, ბატონ ჰერჩინსკთან და ფიშერთან სტუმრობები. იქ საიდუმლო შეხვედრებიც არის ხოლმე, სადაც შემდეგ უკვე რაღაც ფილმის სიუჟეტის მსგავსად აპარებს ხოლმე თავის სტუმრებს თავისი საელჩოდან – ლომჯარია გააპარეს ცოტა ხნის წინ. სამარცხვინოა ეს ყველაფერი და ბოლომდე აზიანებენ თავიანთ რეპუტაციას ჩვენი მოქალაქეების თვალში ეს ელჩები”, – განაცხადა მაჭავარიანმა.

ამასთან, ზოგადად “ოპოზიციურ ალიანსზე” საუბრისას, მაჭავარიანმა აღნიშნა, რომ “როდესაც გარედან გავალებენ, რომ ახლა უნდა დასხდეთ და ისევ გაერთიანდეთ, რა თქმა უნდა, ეს დიდხანს ვერ გასტანს.”

“როდესაც არ გაგაჩნია საერთო იდეა, ეს ყველაფერი არის ხელოვნური. გარედან რომ გავალებენ, რომ ახლა უნდა დასხდეთ და ისევ გაერთიანდეთ, რა თქმა უნდა, ეს დიდხანს ვერ გასტანს. არიან ადამიანები, რომლებიც ერთმანეთს ლანძღავენ იმ დროს, როდესაც გაერთიანებულები არ არიან, შემდეგ ერთიანდებიან და მომღიმარი სახეებით უყურებენ ერთმანეთს. ამ შემთხვევაში უპირისპირდებიან სააკაშვილს, რომელიც ამ დანარჩენი „მიშისტების“ შემქმნელია. სააკაშვილთან დაპირისპირება არ გამოვა, ვინაიდან ამ ალიანსში ყველაზე დიდი პარტია „ნაციონალური მოძრაობაა”.

ქაოსში არიან და აქედან გამომდინარე, რთულია იქ ერთიანობის შენარჩუნება – აბსოლუტურად არანაირი შანსი არ აქვთ შეინარჩუნონ ეს ერთობა. ის ნდობა, რაც რამდენიმე წლის წინ საზოგადოების გარკვეული ნაწილის მხრიდან ჰქონდათ, დაკარგული აქვთ, ვინაიდან ბოლომდე გაშიფრული არიან. საზოგადოებამ იცის, რომ გარედან იმართებიან და ეს 14 წელი. რაც ხელისუფლებაში აღარ არიან, დაკავებულები არიან საბოტაჟირებით და მავნებლური საქმიანობით საქართველოს წინააღმდეგ. ამ ყველაფერმა საბოლოოდ გაანულა მათი პოლიტიკური რეიტინგი”, – აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.

იტვირთბა....