თურქეთის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომლის მიხედვითაც, 15 წლამდე ასაკის ბავშვებს სოციალურ ქსელებზე წვდომა ეკრძალებათ. ამის შესახებ „ესოშიეითიდ პრესი“ წერს.
კანონი მას შემდეგ მიიღეს, რაც ერთი კვირის წინ 14 წლის მოზარდმა თურქეთის ქალაქ კაჰრამანმარაშში მდებარე სკოლაში ცხრა მოსწავლე და ერთი მასწავლებელი მოკლა.
კანონის მიხედვით, სოციალური მედიის კომპანიებს დაევალებათ ასაკის გადამოწმების სისტემების დანერგვა, მშობელთა კონტროლის მექანიზმების შექმნა და ბავშვებისთვის საზიანოდ მიჩნეულ კონტენტზე სწრაფი რეაგირება.
კანონის ძალაში შესვლის შემთხვევაში, პლატფორმებს, როგორიცაა YouTube, TikTok, Facebook და Instagram, მოუწევთ 15 წლამდე ბავშვებისთვის ანგარიშების გახსნა აუკრძალონ. დარღვევის შემთხვევაში გათვალისწინებული იქნება ჯარიმები.
ახლა კანონპროექტი თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს უნდა გადაეცეს, რომელსაც 15 დღე ექნება მის დასამტკიცებლად.

