აქტუალური თემა ახალი ამბები მსოფლიო პოლიტიკა

“ირანთან მოლაპარაკება მხოლოდ ბირთვულ საკითხს თუ შეეხება და არ განიხილება სარაკეტო პრეგრამა, მარიონეტული დაჯგუფებების მხარდაჭერა და ევროპაში კიბერაქტივობები, უფრო საშიშ ირანს მივიღებთ” – კაია კალასი

კვიპროსში ევროკავშირის ლიდერების არაფორმალური სამიტი გრძელდება. დღეს, მათ სპარსეთის ყურის ქვეყნების წარმომადგენლები შეუერთდებიან და ახლო აღმოსავლეთში არსებულ მდგომარეობას განიხილავენ. ფორმალური გადაწყვეტილებების მიღება სამიტზე არ იგეგმება.

შეხვედრის დაწყებამდე მედიასთან ისაუბრა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა და ყურადღება გაამახვილა ირანის ბირთვული პრეგრამის გარშემო მიმდინარე მოლაპარაკებებზე.

კალასის განცხადებით, ევროკავშირი შეშფოთებულია, რომ მოლაპარაკებები მხოლოდ ბირთვულ საკითხს მოიცავს და არ განიხილება სარაკეტო პრეგრამა, მარიონეტული დაჯგუფებების მხარდაჭერა და ევროპაში არსებული კიბერაქტივობები.

„შეშფოთებული ვართ, რადგან ირანთან მიმდინარე მოლაპარაკებები მხოლოდ ბირთვულ საკითხს ეხება. სარაკეტო პრეგრამაც უნდა განიხილებოდეს, ირანის მიერ მარიონეტული დაჯგუფებების მხარდაჭერა. ჰორმუზის სრუტე უნდა იყოს ღია, ყოველგვარი გადასახადის გარეშე, ამისთვის ძალისხმევა უდნა გამოვიჩინოთ. ნათელია, რომ უნდა დავინახოთ ამის მეორე მხარეც. მოლაპარაკებები თუ მხოლოდ ბირთვულ საკითხზეა და მაგიდასთან ბირთვული ექსპერტები არ არიან, მივიღებთ შეთანხმებას, რომელიც ბარაკ ობამას ბირთვულ გარიგებაზე სუსტი იქნება. რეგიონის პრობლემები – სარაკეტო პრეგრამები, მარიონეტული დაჯგუფებების მხარდაჭერა, ევროპაში ჰიბრიდული და კიბერაქტივობები დაურეგულირებელი დარჩება. შედეგად მივიღებთ უფრო საშიშ ირანს“, – აღნიშნა კაია კალასმა.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ სამიტზე გუშინ ევროკავშირმა უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს სესხი და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტი ფორმალურად დაამტკიცა. სამიტს ესწრება უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც.

იტვირთბა....