აშშ-ს შესაძლოა, ექვსი წელი დასჭირდეს ირანში გამოყენებული რაკეტების მარაგის სრული განახლებისთვის, – ამის შესახებ „უოლ სთრით ჯორნალი“ ამერიკელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით წერს.
როგორც გამოცემა იუწყება, ირანში ომის დაწყებიდან შეერთებულმა შტატებმა 1 000-ზე მეტი შორ მანძილზე მოქმედი „ტომაჰავკის“ ტიპის რაკეტა და დაახლოებით 2 000 საჰაერო თავდაცვის რაკეტა გამოიყენა.
აშშ-ის ოფიციალური პირების ცნობით, ადმინისტრაციაში სულ უფრო ხშირად ისმის კითხვა, რამდენად მზად იქნება ქვეყანა სხვა შესაძლო სამხედრო კრიზისებისთვის, მათ შორის ტაივანის დაცვის სცენარისთვის. თუმცა, ამერიკელი ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ჩინეთთან კონფლიქტის ნიშნები არ ჩანს.
წყაროების თქმით, მოკლევადიან პერიოდში აშშ შესაძლოა, გარკვეული ტიპის საბრძოლო მასალების დეფიციტს წააწყდეს, რაც სამხედრო გეგმებზე გავლენას მოახდენს. როგორც „უოლ სთრით ჯორნალი“ წერს, ადმინისტრაციის ნაწილი მიიჩნევს, რომ პრობლემის დაძლევა შესაძლებელია თავდაცვითი ინდუსტრიის გაძლიერებითა და იაფი საბრძოლო მასალის წარმოების დაჩქარებით.
მანამდე „სიენენმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ირანის წინააღმდეგ ომის დროს აშშ-მა საკუთარი მარაგიდან „პეტრიოტის“ ტიპის რაკეტების დაახლოებით 50 პროცენტი უკვე გამოიყენა.

