აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“უკრაინას ყველაფრით დავეხმარებით, რაც სჭირდება, რათა პოზიციები შეინარჩუნოს იქამდე, ვიდრე პუტინი არ მიხვდება, რომ ომი არაფრის მომტანია” – კაია კალასი

ევროკავშირმა გზა გაუხსნა უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის გამოყოფასა და სანქციების მე-20 პაკეტის დამტკიცებას, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

კაია კალასის განცხადებით, „გამოუვალი მდგომარეობა“, რომელიც უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს დახმარების სესხის გამოყოფას და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტს უკავშირდებოდა, დაძლეულია.

„რუსეთის ომის ეკონომიკა მზარდი ზეწოლის ქვეშ არის, ხოლო უკრაინა მნიშვნელოვან სტიმულს იღებს. ჩვენ უკრაინას ყველაფრით დავეხმარებით, რაც სჭირდება, რათა პოზიციები შეინარჩუნოს იქამდე, ვიდრე პუტინი არ მიხვდება, რომ ეს ომი არაფრის მომტანია“, – წერს კალასი X-ზე.

ცნობისთვის, დღეს ევროკავშირის საბჭომ უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს დახმარების სესხი და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტი დაამტკიცა. გადაწყვეტილების მიღებას ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში უნგრეთი და სლოვაკეთი ეწინააღმდეგებოდნენ და მათი თანხმობის წინაპირობად „დრუჟბას“ ნავთობსადენით ნავთობის მიწოდების აღდგენას ასახელებდნენ. გუშინ უკრაინამ ნავთობსადენის აღდგენის შესახებ გამოაცხადა, ხოლო შემდეგ უნგრეთმა და სლოვაკეთმა დაადასტურეს, რომ ნავთობის მიღება განახლდა.

იტვირთბა....