გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის განცხადებით დისციპლინური გადაცდომის გამო, გამგეობის თანამშრომელი სამსახურიდან გათავისუფლდა.
“მიმდინარე წლის 21 აპრილს, გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო, ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახურის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა განყოფილების უფროს სპეციალისტ მ.ჯ-სა და მოქალაქე ეკატერინე პეტრიაშვილს შორის მომხდარი კონფლიქტის გამო, გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის შიდა აუდიტის სამსახურის მოკვლევის შედეგად მიღებული დასკვნის საფუძველზე, თანამშრომლის მიერ საჯარო მოსამსახურისთვის შეუფერებელი საქციელისა და დისციპლინური გადაცდომის გამო, გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მისი თანამდებობიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო”, – ნათქვამია მუნიციპალიტეტის გამგეობის განცხადებაში.
კახეთში მომხდარ ინციდენტს ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძეც ეხმაურება. მისი თქმით, თუკი ვინმეს სოციალურად დაუცველის სტატუსი ეკუთვნის და დღემდე ამ დახმარებას ვერ იღებს, სახელმწიფო აუცილებლად დაეხმარება.
“სოციალური აგენტების გასაგონად მინდა ვთქვა, მკაცრად გადამოწმდება მათი და მათი ხელმძღვანელების ქმედებები და თუ მათ საქმიანობაში პოლიტიკური შემადგენელი გულგრილობა ან საბოტაჟი გამოიხატება, ისინი აუცილებლად მკაცრად დაისჯებიან. თუკი ვინმეს სოციალურად დაუცველის სტატუსი ეკუთვნის და დღემდე ამ დახმარებას ვერ ღებულობს, აუცილებლად დავეხმარებით. თუმცა, ყველამ კარგად უნდა ვიცოდეთ, ეს არ არის უმუშევრობის გადასახადი, ეს არ არის სიღარიბის აღმოფხვრის პროგრამა. ეს არის სოციალურად ყველაზე მეტად შეჭირვებული მოსახლეობის დახმარება სახელმწიფოს მხრიდან. სახელმწიფომ ეს დახმარება ბოლო პერიოდში გააორმაგა. სამწუხაროდ, დღეს კიდევ ბევრია გაჭირვებული და ღარიბი, მაგრამ იქნებ ვინმემ მითხრას, სად გადის ზღვარი სიღარიბესა და სიღატაკეს შორის? რამდენიმე დღის წინ, მე და ბატონი დავით სერგეენკო შევთანხმდით, გამოვიყენოთ დამატებითი გადამოწმების მექანიზმები და აღმოფხვრათ ხარვეზები. პრობლემა არსებულ პროგრამაში კი არა, მისი არსებობის საჭიროებაშია”. – ამბობს ხუნდაძე.
შეგახსენებთ, გურჯაანში ურთიერთშელაპარაკების დროს მუნიციპალიტეტის თანამშრომელთან, სოციალურად დაუცველი ქალბატონი გარდაიცვალა.