აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ორმა ჩინურმა კომპანიამ საქართველოს ნავთობის სექტორით დაინტერესება გამოხატა – სამინისტრო

პრესსამსახურის ცნობით, მარიამ ქვრივიშვილი ჩინეთის ენერგეტიკული კომპანიის Geo-Jade Petroleum Corporation-ის თავმჯდომარეს შეხვდა.

განცხადების თანახმად, შეხვედრაზე ჩინურმა მხარემ დაინტერესება გამოხატა საქართველოს ნავთობისა და გაზის სექტორის მიმართ.

“ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გამართა ჩინეთის მსხვილი ენერგეტიკული კომპანიის Geo-Jade Petroleum Corporation-ის თავმჯდომარე ჰუანლონგ ჩენთან.

შეხვედრისას ორმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.

მარიამ ქვრივიშვილმა Geo-Jade Petroleum-ის ხელმძღვანელს საქართველოში არსებული ბიზნეს და საინვესტიციო გარემო გააცნო. საუბრისას აქცენტი გაკეთდა საქართველო-ჩინეთის სტრატეგიულ ურთიერთობებზე, ასევე ხაზგასმით აღინიშნა, რომ ქვეყნებს შორის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება და ორმხრივი უვიზო მიმოსვლა ინვესტორებისთვის საქართველოს ბაზარს კიდევ უფრო საინტერესოს ხდის.

შეხვედრაზე ჩინურმა მხარემ დაინტერესება გამოხატა საქართველოს ნავთობისა და გაზის სექტორის მიმართ.

Geo-Jade Petroleum Corporation ჩინური ნავთობისა და გაზის კომპანიაა. მისი  საბაზრო კაპიტალიზაცია 1.5 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს, ხოლო 2P მარაგები 1.3 მლრდ ბარელ ნავთობის ექვივალენტს უტოლდება.

კომპანია გლობალურ ბაზრებზე ოპერირებს და მომპოვებელ აქტივებს მართავს სხვადასხვა ქვეყნებში”. – ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან ერთად, უწყების ცნობით, საქართველოში საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში ინვესტიციების განხორციელებასთან დაკავშირებით “დაინტერესება გამოხატა ჩინეთის სახელმწიფო კომპანია China ZhenHua Oil-მაც”.

“ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა და ჩინეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ენერგეტიკული სახელმწიფო კომპანია China ZhenHua Oil-ის თავმჯდომარემ ვანგ იუტაომ პეკინში გამართულ შეხვედრაზე, რომელიც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.

მხარეებმა შეხვედრაზე საქართველოში ნავთობისა და გაზის მოპოვების შესაძლებლობებზე იმსჯელეს.

ჩინეთის მხარემ გამოხატა დაინტერესება საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში ინვესტიციების განხორციელებასთან დაკავშირებით.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ვანგ იუტაოს ასევე მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს ეკონომიკურ შესაძლებლობებზე. როგორც შეხვედრაზე ითქვა, საქართველო-ჩინეთის სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებითა და უვიზო მიმოსვლით გამყარდა, ჩინური ბიზნესისთვის მყარ ინსტიტუციურ საფუძველს ქმნის.

China ZhenHua Oil Co. Ltd. ჩინეთის მსხვილი ნავთობისა და გაზის კომპანიაა. ის ახორციელებს ინვესტიციებს მოპოვებაში, საბადოების განვითარებასა და ნავთობითა და გაზით ვაჭრობაში. კომპანიის რეგისტრირებული კაპიტალი დაახლოებით 1-1.1 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს, მთლიანი აქტივები – 5-8 მილიარდის ფარგლებშია, ხოლო ნავთობისა და გაზის ვაჭრობის წლიური მოცულობა 50 მილიონ ტონას აჭარბებს, რაც წელიწადში 20 მილიარდ დოლარზე მეტ შემოსავალს უზრუნველყოფს”. – წერს სამინისტრო.

იტვირთბა....