ვუსმინე რა ბატონი ჰერჩინსკის განცხადებას, გამიჩნდა ეჭვი, რომ შემდეგი ფაზა წყევლაზე გადასვლაა – საქართველო აგრძელებს ევროკავშირისკენ სვლას, თუმცა ისეთი ბიუროკრატები, რომელიც ამ განცხადების ავტორია, ნამდვილად ვერ წაიყვანენ ევროპას ევროპის გზისკენ , – ამის შესახებ ნინო წილოსანმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისი თქმით, “ევროკავშირისგან აქამდე დასანქცირებით შანტაჟი იყო, ახლა კი ომში, გაჭირვებაში და სიღარიბეში დაბრუნებით იმუქრება.”
“ვუსმინე რა ბატონი ჰერჩინსკის განცხადებას, გამიჩნდა ეჭვი, რომ შემდეგი ფაზა წყევლაზე გადასვლაა. ევროკავშირისგან აქამდე იყო დასანქცირებით შანტაჟი, ახლა გვემუქრება, რომ თურმე ომში, გაჭირვებაში და სიღარიბეში დავბრუნდებით – შემდგომი ფაზა აშკარად არის წყევლა. ფაქტია, რომ ბატონი ჰერჩინსკი აჟღერებს იმ ევრობიუროკრატების პოზიციებს და მუქარებს, ვინც მთელი ამ წლების განმავლობაში საკმაოდ მკაცრად გვიპირისპირდებოდნენ და უპირისპირდებოდნენ ამ ქვეყანაში სუვერენიტეტის დაცვას. უპირისპირდებოდნენ იმას, რომ ქართველ ხალხს ჰქონოდა არჩევანის საშუალება, რომ ოჯახი და სხვა ულტრალიბერალური მიმდინარეობები მისთვის უფრო ღირებული ყოფილიყო და იმას, რომ ამ ქვეყანაში სცოდნოდა გამჭვირვალედ, ვინ რას გეგმავს და რას აპირებს. ბატონ ჰერჩინსკის, ალბათ, ბრიტანეთის ელჩმა და წარმომადგენლებმა უნდა დაუსვან კითხვა: თუ მისთვის ბრიტანეთი, როგორც არაევროკავშირის წევრი, ომის, არეულობის, სამოქალაქო დაპირისპირების და სიღარიბის რისკის ქვეშ დგას, იგივე ალბათ შეუძლია, რომ ბრიტანეთის ელჩსაც უთხრას, რადგან ლოგიკას ნამდვილად ვერ მივხვდით და ვერ დავიჭირეთ. საქართველო აგრძელებს ევროკავშირისკენ სვლას, თუმცა ისეთი ბიუროკრატები, რომელიც ამ განცხადების ავტორია, ნამდვილად ვერ წაიყვანენ ევროპას ევროპის გზისკენ”, – განაცხადა ნინო წილოსანმა.
როგორც წილოსანმა აღნიშნა, ელჩი არის ორ ქვეყანას შორის მეგობრობის და თანამშრომლობის საფუძველი, პაველ ჰერჩინსკი კი თავის მისიას ყველაზე უხერხულად ასრულებს და ყველაზე არამეგობრული განცხადებებით გამოდის.
“ელჩი არის ორ ქვეყანას შორის მეგობრობის და თანამშრომლობის საფუძველი. ამ შემთხვევაში ჩვენ ვხედავთ, რომ ბატონი ჰერჩინსკი თავის მისიას ყველაზე უხერხულად ასრულებს და ყველაზე არამეგობრული განცხადებებით გამოდის. გვინახავს, რომ დიპლომატები, ვინც რაღაც კონკრეტული დავალებების მიუხედავად, თავისი პირადი ინიციატივით გამოუხატავთ კეთილგანწყობა და პირიქით, არ გაუღვივებიათ დაპირისპირება. ელჩი, როგორც დიპლომატი, უნდა ცდილობდეს ქვეყნებს შორის გაუგებრობების, დაპირისპირების თუ სხვადასხვა დისონანსის აღმოფხვრას და გასწორებას და არა ამ ყველაფრის გაუარესებას”, – აღნიშნა წილოსანმა.

