ირაკლი კობახიძე ყველა ჩვენ მეგობარი და პარტნიორი ქვეყნის ელჩს მუდმივად საქმეს ურჩევს და თითს უქნევს, რაც კიდევ ერთხელ გამოხატულებაა იმისა, რომ ირაკლი კობახიძე არის რუსი და ემსახურება რუსულ ეროვნულ ინტერესებს, – ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ წევრმა გრიგოლ გეგელიამ განაცხადა, როდესაც შეაფასა, ირაკლი კობახიძის განცხადება, ევროკავშირის ელჩის დაბარების მიზანშეწონილობის შესახებ.
გეგელია კობახიძეს რჩევას აძლევს, „სარკეში ჩაიხედოს და ნაცვლად ევროპული კავშირის ელჩისა და ევროკავშირის სხვადასხვა ელჩის დაბარებისა, ეყოს იმის შნო, რომ დაიბაროს ირანის ელჩი და უნგრეთის ელჩი“.
„დღეს, თუ ვინმე ემუქრება საქართველოს დაპირისპირებით და გაღარიბებით ეს არის, უპირველეს ყოვლისა, კობახიძე და მისი ადმინისტრაცია,რომელმაც ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ქართველები დაეპირისპირებინა ერთმანეთთან და დაეთესა შუღლი. გაეღარიბებინა ჩვენი ერი და არაფერი გაეკეთებინა იმისთვის, რომ ამ ერის პოტენციალი და ევროპული მისწრაფება განხორციელდეს. ამიტომაც მე მას ვურჩევდი, ჩაიხედოს სარკეში და ნაცვლად ევროპული კავშირის ელჩისა და ევროკავშირის სხვადასხვა ელჩის დაბარებისა, ეყოს იმის შნო, რომ დაიბაროს ირანის ელჩი, რომელიც გვემუქრებოდა ძალიან საშიში ენით, დაიბაროს უნგრეთის ელჩი და მას გამოჰკითხოს, რუსეთის ჯაშუში რომ მუშაობდა უნგრულ დიპლომატიურ სამსახურში, როგორ მოხდა,რომ ოთხი წლის განმავლობაში აქ იყო და ჩვენთვის არაფერი არ არის ცნობილი, ამ დროის განმავლობაში, ასევე მსტოვრობდა თუ არა ასევე, რუსეთის ინტერესების სასარგებლოდ. ჩვენ ვხედავთ, რომ კობახიძე არცერთ ჯერზე არ იბარებს არცერთ იმ ელჩს, რომელთაც რეალურად უნდა დაუსვას კონკრეტული კითხვები ქართველი ხალხის ინტერესების სახელით. სამაგიეროდ, ყველა ჩვენ მეგობარ და პარტნიორი ქვეყნის ელჩს მუდმივად საქმეს ურჩევს და თითს უქნევს, რაც კიდევ ერთხელ გამოხატულებაა იმისსა, რომ ირაკლი კობახიძე არის რუსი და ემსახურება რუსულ ეროვნულ ინტერესებს და არა ქართულ ეროვნულ ინტერესებს“- განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.
ცნობისთვის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, როცა ევროკავშირის ელჩი ქართველ ხალხს ემუქრება სამოქალაქო ომით და გაღარიბებით, ეს უბრალოდ წარმოუდგენელია. კობახიძის თქმით, რა თქმა უნდა, ამისთვის ელჩის დაბარება არის მიზანშეწონილი. კერძოდ, ირაკლი კობახიძემ შეფასება საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის მიერ ბრიუსელში გაკეთებული განცხადება, რომლის თანახმად, „ხელისუფლებამ აირჩია ალტერნატიული, ავტორიტარიზმის მოდელი და საქართველოს ევროკავშირს აშორებს“.
„საქართველო გზაგასაყარზე დგას. საქართველოს მომავალი ჯერ არ დაწერილა, მაგრამ ის, რაც მომავალ კვირებსა და თვეებში გადაწყდება, განსაზღვრავს, ეკუთვნის საქართველო ევროპული ქვეყნების ოჯახს, რომელიც დაფუძნებულია დემოკრატიაზე, კანონის უზენაესობასა და ადამიანის უფლებებზე, თუ სამწუხაროდ, თავის ბნელ წარსულს დაუბრუნდება. ჩემი მთავარი გზავნილი ქართველი ხალხის მიმართ არის „ნუ დაკარგავთ იმედის“. ჩვენ არ უნდა დავუშვათ, რომ საქართველო და შესანიშნავი, თბილი, სტუმართმოყვარე ქართველი ხალხი დაბრუნდეს ძალადობის, სამოქალაქო ომის, სიღარიბის, გაჭირვების, კორუფციის ბნელ დროში. ეს არ არის ის მომავალი, რომელსაც ისინი იმსახურებენ.
როგორც კი ხელისუფლება გამოთქვამს ჩვენთან თანამშრომლობის სურვილს, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ დავეხმაროთ საქართველოს გახდეს ევროკავშირის წევრი“, – განაცხადა ჰერჩინსკიმ, რომლის ციტატასაც „ნეგტაზეთი“ ავრცელებს.

