გარე აქტორები მოსვენებას არ აძლევენ საქართველოს, სიფრთხილეა საჭირო – მადლობას ვუხდი ქვეყნის შიგნით შესაბამის უწყებებს, რომ მოწოდების სიმაღლეზე არიან, – ამის შესახებ კახა კალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც გამოეხმაურა სუს-ის უფროსის, სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატის მამუკა მდინარაძის განცხადებას, რომ სუს-ში მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, სადაც „დევს არაერთი ჩანაწერი იგორ ბლაჟევიჩთან დაკავშირებით და მისი მონაწილეობით.
მისივე განმარტებით, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ქვეყანაში რევოლუციის მოწყობას ცდილობდნენ.
„სამწუხაროდ, არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც კონკრეტული ადამიანები ქვეყანაში გადატრიალებაზე, დაპირისპირებაზე ტრენინგებს ატარებდნენ. რამდენიმე თვის წინ მოვისმინეთ კონკრეტული ვიდეოჩანაწერი, რაც ეხებოდა რევოლუციური სცენარის განხორციელებას. ეს შეფუთული იყო ისე, თითქოს მძიმე სენით დაავადებული ბავშვების მშობლებს ეხმარებოდნენ. რეალურად კი სისხლისღვრაზე იყო საუბარი. საზოგადოება ხედავს, რომ გარე აქტორები არიან ჩართულები. საქართველოს მოსვენებას არ აძლევენ. სიფრთხილეა საჭირო. მადლობას ვუხდი შესაბამის სამსახურებს, რომ არიან მოწოდების სიმაღლეზე“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, ქვეყანაში სიმშვიდის შენარჩუნებისთვის სხვადასხვა სამსახურის ერთობლივი და ეფექტური მუშაობა მნიშვნელოვანია.
„სამართალდამცველების მიერ დანაშაულის ჩადენის კონკრეტული ფაქტები იყო. ამან საზოგადოებაშიც აღშფოთება გამოიწვია. როგორც ვიცი, ამაზე გამოძიება დაწყებულია. როგორც მოვისმინე, იდენტიფიცირების პრობლემა არის, თუმცა შესაბამისი უწყებები მოწოდების სიმაღლეზეა. საამაყოა ის, რომ ქვეყანაში გვაქვს მშვიდობა. საამაყოა ის, რომ დღეს ქვეყანა ორნიშნა ეკონომიკური ზრდით გამოირჩევა. თითოეული სამსახურის ეფექტური მუშაობა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
ცნობისთვის, სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატმა და მომავალმა ვიცე-პრემიერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ სუს-ში მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, სადაც დევს არაერთი ჩანაწერი იგორ ბლაჟევიჩის მონაწილეობით.
„როდესაც ოპოზიცია თამამად საუბრობს, რომ არანაირი ბლაჟევიჩი, არანაირი დავალება, არანაირი ტრენინგი, არანაირი მისი კომუნიკაცია საქართველოში ვიღაც-ვიღაცებთან არ არსებობს, ამის საპირისპიროდ არსებობს კონკრეტული სისხლის სამართლის საქმე და მოსამართლის განჩინების საფუძველზე გაკეთებული ჩანაწერები, სადაც ამ ყველაფრის მამხილებელი სიტყვები, ფრაზები, ხმა, კონკრეტული ადამიანები არსებობენ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ „იმედის“ ეთერში.

