აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

მელონის მიმართ სოლოვიოვის შეურაცხმყოფელი განცხადებების გამო რომში რუსეთის ელჩი დაიბარეს

იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ რომში რუსეთის ელჩი დაიბარეს მას შემდეგ, რაც კრემლის პროპაგანდისტმა, ვლადიმირ სოლოვიოვმა, პრემიერმინისტრ ჯორჯია მელონის შეურაცხყოფა მიაყენა. 

რუსმა ტელეწამყვანმა გადაცემაში მელონის “კაცობრიობის სირცხვილი,” “ველური მხეცი,” “იდიოტი” და “საზიზღარი პატარა ქალი” უწოდა, რის შემდეგაც რუსულად განაცხადა, რომ “მელონი ფაშისტი არსებაა, რომელმაც ამომრჩევლებს უღალატა”. “მან ტრამპსაც კი უღალატა,” დაამატა სოლოვიოვმა. 

ანტონიო ტაიანმა X-ზე დაწერა, რომ მან “რუსეთის ელჩი, ალექსეი პარამონოვი, საგარეო საქმეთა სამინისტროში ტელეწამყვანის მიერ გაკეთებულ უკიდურესად სერიოზულ და შეურაცხმყოფელ განცხადებებთან დაკავშირებით საპროტესტო ნოტის გადაცემის მიზნით” დაიბარა.

სოლოვიოვის განცხადებები იტალიურმა ოპოზიციურმა პარტიებმაც დაგმეს. ოპოზიციური პარტია “ხუთი ვარსკვლავის მოძრაობის” ლიდერმა, ჯუზეპე კონტემ სოლოვიოვის სიტყვებს “ენით აღუწერელი” უწოდა, ხოლო პარტია Noi Moderati-ს ლიდერმა იტალიის პრემიერის შეურაცხყოფას “მიუღებელი” უწოდა. 

“რუსმა ტელეწამყვანმა, რომელიც კრემლის პოზიციის სპიკერია, ჯორჯია მელონის წინააღმდეგ მიუღებელი სექსისტური ბრალდებები გააკეთა. კიდევ ერთხელ, რუსულ რეჟიმს შევახსენებთ, რომ ისინი, ვინც იტალიური ინსტიტუტების წარმომადგენლებს შეურაცხყოფას აყენებენ, მთელ ქვეყანას აყენებენ შეურაცხყოფას და ჩვენ ამას არ მივიღებთ,” განაცხადა იტალიის დემოკრატიული პარტიის მდივანმა, ელი შლეინმა. 

მოგვიანებით რუსი პროპაგანდისტის კომენტარებს ჯორჯია მელონი X-ზე გამოეხმაურა და განაცხადა, რომ სოლოვიოვის მსგავსი “კარიკატურები” იტალიას კურსს ვერ შეაცვლევინებენ. 

“თავისივე ბუნებით, რეჟიმის გულმოდგინე პროპაგანდისტს არ შეუძლია თანმიმდევრულობაზე ან თავისუფლებაზე გაკვეთილების ჩატარება, მაგრამ ეს კარიკატურები ნამდვილად ვერ შეგვაცვლევინებენ კურსს. სხვებისგან განსხვავებით, ჩვენ არ ვართ მარიონეტები, არ გვყავს ბატონები და ბრძანებებს არ ვიღებთ. ჩვენი კომპასი მხოლოდ და მხოლოდ იტალიის ინტერესებია და ამ გზას სიამაყით გავყვებით, პროპაგანდისტების წყენის მიუხედავად.” – დაწერა მელონიმ. 

იტვირთბა....