რუსეთის ძალებმა წელს უკრაინაში 1700 კვადრატული კილომეტრი ტერიტორია დაიკავეს და დონბასის მიმართულებით უკრაინული ძალები რკალში მოაქციეს – ამის შესახებ რუსეთის გენერალური შტაბის უფროსის, ვალერი გერასიმოვის კომენტარს „როიტერი“ ავრცელებს.
როგორც გერასიმოვმა აღნიშნა, რუსულმა ძალებმა სლავიანსკის, კრამატორსკისა და კოსტიანტინოვკის მიმართულებით წინ წაიწიეს.
„წლევანდელი წლის დასაწყისიდან ჩვენი კონტროლის ქვეშ სულ 80 დასახლებული პუნქტი და 1700 კვადრატულ კილომეტრზე მეტი ტერიტორია მოექცა“, – განაცხადა გერასიმოვმა.
„როიტერი“ წერს, რომ, მოსკოვის შეფასებით, რუსეთი აკონტროლებს დონბასის დაახლოებით 90%-ს, ზაპოროჟიესა და ხერსონის რეგიონების დაახლოებით 75%-ს და ხარკოვის, სუმის, ნიკოლაევისა და დნეპროპეტროვსკის რეგიონების ნაწილს.

