აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი სამშაბათს ისლამაბადში გაემგზავრება, სადაც ირანთან ომის შეწყვეტის საკითხზე ახალი მოლაპარაკებები გაიმართება, წერს Axios საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით.
მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ, სავარაუდოდ, შეთანხმების ვადას აღარ გაახანგრძლივებს და ირანის ხიდებისა და ელექტროსადგურების ახალი დაბომბვითაც დაიმუქრა.
გამოცემა აღნიშნავს, რომ ტრამპმა ფაქტობრივად კიდევ ერთი დღე დაამატა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას — მიუხედავად იმისა, რომ ორკვირიანი ვადა სამშაბათს იწურებოდა, მან საბოლოო ვადად ოთხშაბათის საღამო დაასახელა.
თეთრი სახლი ორშაბათს ელოდებოდა თეირანის სიგნალს, რომ ირანი მოლაპარაკებების დელეგაციას ისლამაბადში გააგზავნიდა. წყაროს ინფორმაციით, ირანი პროცესს აჭიანურებდა, რადგან ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი მოლაპარაკებების ჯგუფზე ზეწოლას ახორციელებდა — მოთხოვნით, რომ აშშ-ის ბლოკადის მოხსნის გარეშე მოლაპარაკებები არ გაიმართოს.
ირანული დელეგაცია ელოდებოდა უმაღლესი ლიდერის საბოლოო თანხმობას, რომელიც, წყაროს თქმით, ორშაბათის საღამოს მიიღო.
მოლაპარაკებებში მონაწილეობისთვის ისლამაბადში გაემგზავრებიან ტრამპის წარმომადგენლები — სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი.

