უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარმა სადაზვერვო სამმართველომ განაცხადა, რომ 18-19 აპრილის ღამეს სპეცრაზმმა დარტყმები მიიტანა რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ორ დიდ სადესანტო ხომალდზე – „იამალსა“ და „ნიკოლაი ფილჩენკოვზე“, რომლებიც რუსეთის მიერ ანექსირებული სევასტოპოლის ყურეში იმყოფებოდნენ.
უწყებამ გაავრცელა ვიდეო, სადაც ჩანს კამიკაძე-დრონებით განხორციელებული იერიშები.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ცნობით, დიდი სადესანტო ხომალდი „იამალი“, რომელიც 1988 წელსაა გამოშვებული, 80 მილიონ დოლარად არის შეფასებული. 112-მეტრიან ხომალდს შეუძლია, გადაიტანოს 500 ტონამდე ტვირთი და ჯავშანტექნიკა. იგი აღჭურვილია ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემით „გრად-М“, საზენიტო-სარაკეტო კომპლექსით „სტრელა-2“ და 57-მმ-იანი საარტილერიო დანადგარებით – АК-725.
დიდი სადესანტო ხომალდი „ნიკოლაი ფილჩენკოვი“, რომელიც 1975 წელსაა გამოშვებული და 1 000 ტონა ტვირთამწეობა აქვს, 70 მილიონ დოლარად არის შეფასებული. როგორც უკრაინის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, ოპერაციის ფარგლებში ასევე განადგურებულია რადიოლოკაციური სადგური „პოდლეტ-К1“, რომლის ღირებულება 5 მილიონ დოლარს შეადგენს.
კიევში აცხადებენ, რომ ორივე ხომალდს რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომში იყენებდა.

