ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ „მკაცრად გმობს“ ისრაელელი სამხედროს მიერ სამხრეთ ლიბანში ქრისტეს ქანდაკების დაზიანებას.
„ისრაელელების აბსოლუტური უმრავლესობა გაოგნებული და დამწუხრებული იყო ინციდენტის შესახებ ინფორმაციის მიღების შემდეგ“, – წერს ნეთანიაჰუ სოციალურ ქსელში.
მისი თქმით, მომხდარზე უკვე დაიწყო გამოძიება და სამხედროს, რომელმაც ქრისტეს ქანდაკება დააზიანა, მკაცრი დისციპლინარული პასუხი ელოდება.
„ისრაელი ახლო აღმოსავლეთში ერთადერთი ადგილია, რომელიც ყველას რელიგიის თავისუფლებას იცავს. მწუხარებას გამოვთქვამთ ინციდენტისა და მის მიერ მიყენებული ნებისმიერი ზიანის გამო“, – წერს ისრაელის პრემიერ-მინისტრი.
შეგახსენებთ, სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტო სამხრეთ ლიბანიდან, სადაც ისრაელელი სამხედრო ქრისტეს ქანდაკებას ჩაქუჩს ურტყამს და აზიანებს.

