ლიბანში ისრაელის არმიის ჯარისკაცის მიერ ქრისტეს ქანდაკების დაზიანებას ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი გმობს.
გიდეონ საარმა სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა.
„სამხრეთ ლიბანში ისრაელის თავდაცვის ძალების ჯარისკაცის მიერ ქრისტიანული რელიგიური სიმბოლოს დაზიანება მძიმე და სამარცხვინოა. მე ვაფასებ ისრაელის თავდაცვის ძალებს განცხადებისთვის, ინციდენტის დაგმობისთვის და ამ საკითხზე გამოძიების ჩატარებისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ ამ მახინჯი ქმედების ჩამდენი პირის მიმართ მიღებული იქნება აუცილებელი მკაცრი ზომები. ეს სამარცხვინო ქმედება სრულიად ეწინააღმდეგება ჩვენს ღირებულებებს. ისრაელი არის ქვეყანა, რომელიც პატივს სცემს სხვადასხვა რელიგიას და მათ წმინდა სიმბოლოებს და იცავს ტოლერანტობასა და პატივისცემას სარწმუნოებებს შორის. ბოდიშს ვუხდით ამ ინციდენტისთვის ყველა ქრისტიანს, ვისი გრძნობებიც შეურაცხყოფილი იყო“, – აღნიშნა გიდეონ საარმა.
ისრაელის თავდაცვის ძალებმა განაცხადა, რომ იძიებს სოციალურ მედიაში გავრცელებულ ფოტოს, რომელზეც ისრაელელი ჯარისკაცი, როგორც ჩანს, ჩაქუჩით ან ნაჯახით ურტყამს იესო ქრისტეს ქანდაკებას ძირითადად ქრისტიანებით დასახლებულ სოფელ დებელში.

